სამშაბათი, 2025-07-15, 6:11 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
მე შენ გიგზავნი ახლა ამ წერილს...
თეკლათარიღი: შაბათი, 2013-03-02, 9:43 PM | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


 
თეკლათარიღი: შაბათი, 2013-03-02, 9:44 PM | შეტყობინება # 2
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
წერილი

ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე... მე მაგიდასთან ვზივარ, ძვირფასო, და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ.
აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე. ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკლავებზე...
თავში ტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს.

არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ, ალბათ, იქნება ათასი წელი. ათასი წელი იქნება ცოტაა, ან იქნებ არის ძალიან ბევრი.
მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს შენი უძირო თვალების ფერი.

ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, ადრე, ძალიან, ძალიან ადრე, როცა თებერვლის მსუსხავი ქარი ეხეთქებოდა გათოშილ ჭადრებს,
როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდი დღეებს, როგორც ცენზორი ფილმიდან ჭრიდეს ყველაზე უფრო უწმაწურ კადრებს.

იმდენად ახლოს მოვედი შენთან, რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი, მერე ვიღაცამ შეთხზა რაღაცა, შენც კარგად იცი, მე რომ არ გითხრა,
როგორ ვრცელდება თბილისში ჭორი!

გახსოვს? – ცისფერი ხეობის გასწვრივ მზერა შველივით მორბოდა შენკენ და მოწმენდილი ივნისის ზეცა ირეკლებოდა მდინარის ფსკერზე...
...ქუჩაში იყო იმდენი ხალხი, მეჩვენებოდა, რომ იმ საღამოს სადღაც გარბოდა დამფრთხალი ქუჩა...
ჩვენ მივდიოდით. მე შევაგებე აბაზიანი ქუჩის კუთხეში მათხოვრის მუჭას.

გახსოვს? – ოთახში იმ გაზაფხულზე ძალიან წითლად ჰყვაოდა ბალბა, შენ დაიღალე იმ ბალბის ცქერით, შენ საერთოდაც გადაიღალე,
გადაიღალე და გამეცალე, მე კი სულ შენთან ვიქნები, ალბათ...

შენ გიხაროდა შენი არსება... შენ ის გეგონა შენი ერთგული, ვინც მოგიტანდა თავის სიყვარულს მარტში მანეთად ნაყიდ იებად.
(კი, ზღვაც ამაყობს თავის ხმაურით, მაგრამ, იცოდე, ზღვა სხვა არის და ზღვას ყველაფერი ეპატიება.)

ჩემი ფიქრები უბრალო გოგოს რაღაც უცნაურ შუქით გმოსავდნენ
და მაღონებდა ძალიან ხშირად, რაც არ ვიცოდი მე შენს შესახებ, რაც შენ აკეთე ჩემთან მოსვლამდე.

რატომ გეგონა, რომ მე სათქმელი დაგიგვიანე?! შენ ვერ მიმიხვდი,
ჩემი სათქმელი ადრევე გითხარ და ვერ ამჩნევდი, რომ მე შენგან ველოდი პასუხს, რომ მე ქცეული ვიყავი კითხვად...
მე სიყვარული ვიცი, რაც არის, ძალიან კარგად ვიცი, რაც არის, მაგრამ არ ვიცი შენ როგორ გითხრა!
და თუ ქამანდი გამოვდე სიტყვას, მოვალ და უცებ ყველაფერს გეტყვი!
არა! არ არის ის სიყვარული, რასაც საერთოდ მას უწოდებენ, ის არის ბევრად იმაზე მეტი!..

მე ვარ მდინარე.
ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს. მეორეს ეძებს, რომ შეუერთდეს და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე.
არ შეიძლება, არ შეიძლება, მთელი სიცოცხლე გეძინოს მარტოს,
ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ და ეს ძიება გტანჯავს და გართობს.


 
თეკლათარიღი: შაბათი, 2013-03-02, 9:45 PM | შეტყობინება # 3
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ძალიან დიდი მაქვს სიყვარული და მოთმინება მაქვს უფრო დიდი. დღეს ჩემი აწმყო არის წარსული, რომელიც ლამაზად ინიღბავს თავის და რომელიც სადღაც უჩემოდ მიდის.
მე გადმოვედი იმ ბილიკიდან და ახლა სულ სხვა ბილიკზე ვდგები. დღეს ჩვენი გზები ისე გაიყო, ვით ნატახტართან იყოფა გზები...
მე კარგად ვიცი, ვიცი თუ ვხვდები, რომ შენ აღარსად არ მელოდები. ალბათ, ეს არის იმის მიზეზი, რომ უმიზეზოდ ხშირად ვღონდები... განმეორდება ეს ყველაფერი, მხოლოდ ჩვენ აღარ განვმეორდებით.
შენ გაფრინდები, შენ დამშორდები, ახლაც შენ ჩემთვის არა გცალია. გთხოვ, მაპატიო, რომ მე მიყვარდი და რომ მიყვარხარ ახლაც ძალიან!

ალბათ სჯობია, ნანატრი ბაღი კაცმა იხილო მხოლოდ გარედან და გულგრილობა, შენი თუ სხვისი ავი ძაღლივით ებას კარებთან.
ღობის გარედან ჰკრეფდე ნაყოფებს და დასახევი გზა გქონდეს უკან, ანდა ზევიდან ჭვრეტდე ყველაფერს, ვით მაგიდაზე გადაშლილ რუკას.
სჯობია, კაცმა ნანატრი ბაღი მუდამ იხილო მხოლოდ გარედან და საკუთარი ცივი გონება ერთგულ ძაღლივით გებას კარებთან;
მაგრამ პირველად როცა შევედი, მე ვერ ვხვდებოდი ამ სიბრძნეს მაშინ. მე არც დღესა მაქვს ცივი გონება და კვლავ თამამად შევდივარ ბაღში.

გვირილებს ვკრეფდი იმ დღეს ფერდობზე, უცებ გაწვიმდა და დაიქუხა, სადღაცა მუხას დაეცა მეხი.
შეშინებული გამოვიქეცი და, მე რომ უნდა მომეძღვნა შენთვის, იმ ყვავილს ალბათ დავადგი ფეხი!..

მორჩა! დაეშვა სცენაზე ფარდა, თოვლმა წაშალა სუყველა კვალი... მინდა, გავიგო, ხვალ რა იქნება, ახლა ვმკითხაობ: ნეტავ, რას ნიშნავს გულის ბიჭი და აგურის ქალი?
პასუხისათვის ნუ გაირჯები, მე არაფერი მიკითხავს შენთვის. ალბათ, არსებობს ისეთი რაღაც, საკუთარ თავსაც ვერასდროს ეტყვი.
ყველა პასუხი, ბოლოს და ბოლოს, უნდა ისევე გადიქცეს კითხვად... მე დავიღალე ამდენი ძებნით და ძლივს ვიპოვნე საჭირო სიტყვა!

ასეა, თურმე, თუ რამ გაწუხებს, როცა იქნება, უნდა დაჯდე და ვინმეს ყველაზე ძვირფასს მისწერო...
არა! შეცდომა არ მეორდება!
თუ მეორდება, – საბედისწეროდ!
არა! ვერასდროს ვერ დავივიწყებ მე იმ შემთხვევებს და იმ შეცდომებს, მე ისევ მინდა, შენთან ვიყო და შენ ჩემი ისევ ისე გესმოდეს,
მაგრამ მე ვიცი, ჩემო ძვირფასო, რომ ეს არასდროს განმეორდება, ვერ დავიბრუნებ წარსულს ვეროდეს და ფიფქსაც ფიფქი მანამდე ჰქვია, სანამ მიწაზე დაეცემოდეს.


 
თეკლათარიღი: შაბათი, 2013-03-02, 9:46 PM | შეტყობინება # 4
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
არ შეგიძლია შენ არაფერი, შენ დავიწყებაც არ შეგიძლია, თუმც ახლა, ალბათ, არაფერს დარდობ. მე დავდიოდი ძალიან ჩქარა, ნაბიჯს ვერაფრით მიწყობდი, კარგო.
უკვე დასრულდა ჩვენი თამაში, ქვეყნად ყველაფერს ჰქონია ბოლო. ჩვენ არაფერი გვქონდა საერთო და ესა გვქონდა საერთო მხოლოდ!

მე შენ შესახებ მეტი ვიცი, ჩემო ძვირფასო, ვიდრე შენ იცი საკუთარი თავის შესახებ. მე აღარ მოვალ შენთან არასდროს და თმაზე თითებს აღარ შეგახებ.
სულაც არ მინდა, ვიყო ერთ-ერთი და სასაცილოც არ მინდა ვიყო, მე დავიბენი ახლა ძალიან და მინდა მხოლოდ ერთი რამ გკითხო,
მაგრამ არ გკითხავ, რა საჭიროა, შენი პასუხი ზეპირად ვიცი: მხრებს აიჩეჩავ, წარბს აზიდავ და მერე ბავშვივით დაიწყებ სიცილს.

დღემდე რაღაცის იმედი მქონდა, დღეს კი სუყველა იმედი გაქრა და ეს წერილი სულ სხვა ცხოვრების დასაწყისია.
შენ შეიცვალე,
მეც შევიცვალე,
სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაზე, როგორც იყო ჩვენს გამოცვლამდე, ისევ ისეა.

ბოლო დროს ბევრი საქმე გაგიჩნდა და საიდუმლოც გაგიჩნდა ბევრი. მე შენთვის ისე ზედმეტი გავხდი, როგორც ასანთის დამწვარი ღერი.

შენ ახლა ცივი მარმარილო ხარ, მე კი მინდა, რომ ეგ მარმარილო მაძებნინებდეს დაკარგულ სითბოს და თუ ვიპოვი ოდესმე მაინც, ისე გამათბოს და მომეფეროს, არც დამიკარგავს არასდროს თითქოს.
მაგრამ ეს ახლა არის ზღაპარი, „იყო და არა იყო რას“ მსგავსი, და თუმცა ზღაპრის მჯეროდეს მინდა, მე ბავშვი უკვე არა ვარ ახლა და მე ზღაპრების ასაკსაც გავცდი.

ძალიან ბევრი საქმე გაგიჩნდა და მეგობარიც გაგიჩნდა ბევრი.
მე შენთვის ისე ზედმეტი გავხდი, როგორც ასანთის დამწვარი ღერი.

შენ შეყვარება თავისა იცი, შენ სიყვარული არ იცი მხოლოდ... და თუმცა ახლა იმ სიყვარულით, იმ მოგონებით ვცოცხლობ და ვცხოვრობ, მე ვხვდები უკვე ძალიან კარგად, შენ მე არასდროს არ გყვარებივარ, მე გჭირდებოდი მხოლოდ და მხოლოდ.

შენ გაფრინდები და გადალახავ უსაზღვროების სუყველა საზღვარს, ხელში აიღებ მზერის ისრებს და დაემსგავსები მერე მოისარს... უნდა მოისხა შენ ანგელოზის მსუბუქი ფრთები, მერე სუყველას მადლი მოისხა.

ვეღარ გაგდევნე ჩემი ფიქრიდან. არ ვიცი. ახლა რა უნდა გთხოვო... შენ მაშინ იყავ უფრო ძვირფასი, როცა ძალიან იყავი შორი და ოცნებებში მხვდებოდი მხოლოდ...

მარტო ვარ შუა ოკეანეში.
სადღაც ძალიან შორს დარჩა ახლა ჩემი კეთილი იმედის კონცხი.
მე შენ მაშინაც მემახსოვრები, შენს ხსოვნაში რომ აღარც ვიქნები და დაგივიწყებ, როს გაყუჩდება ყველა ტკივილი სულის და ხორცის.


 
თეკლათარიღი: შაბათი, 2013-03-02, 9:46 PM | შეტყობინება # 5
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ჩვენს შორის ჩადგა უსასრულობა. (მანძილით როდი გაიზომება ან სიშორე და ან სიახლოვე!) ვერ მიგატოვებ მე შენ ვერასდროს, თუ შეგიძლია შენ მიმატოვე!
რომც წამოვიდე ამ წუთში შენკენ, რომ დავივიწყო წარსული წამით, გზას გადამიჭრის ბებერი კატა, ყველა კატაზე დიდი და შავი!
და აღმოჩნდება ესეც ამაო, მე ვერ ვიპოვი სასურველ ფერებს... ბარემ, გადავდგათ თითო ნაბიჯი და მე ლეთეში დაგახრჩობ მერე!..

მე სხვათა შორის გავიარე შენს ცხოვრებაში, შენ გამაყოლე ისეთი მზერა, რომ მე მთელი ხმით მსურდა მეყვირა:
— რა გემართება! ვერა მცნობ? მე ვარ!

მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარაფერი, ვეღარ ვერევი საკუთარ ფიქრებს...
ხვალ შეიცვლება სუყველაფერი, ხვალ სულ ახალი რამ დაიწყება, თუმცა რა ვიცი, ხვალ რა იქნება, ხვალ არაფერიც არ მოხდეს იქნებ!
მე დავიღალე, დრო არის ძილის, ალბათ მდინარეც იძინებს წამით, რომ დაივიწყოს მთელი დღის დაღლა... იქნებ სიზმარში მაინც შემომხვდე, თუმცა მე ვიცი, რომ არაფერი დამესიზმრება — ვერ დავიძინებ უბრალოდ, ალბათ.

უკვე თენდება.
თენდება უკვე — ღამე ქალივით ნებდება დილას, წვიმის წვეთები, როგორც ცრემლები, დაჰკიდებია ბალახს და მინას.
მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარც თხოვნა და აღარც მოთხოვნა, მე უშენობა ძალიან მიჭირს...
გარეთ პატარა ალუბლის ტოტზე სულ პაატარა შემოჯდა ჩიტი.

მე მენატრები, როგორც ბავშვობა. (მე აღარასდროს ვიქნები ბავშვი!)
მე მაინც მჯერა, შენ მოხვალ ჩემთან, მაგრამ მე აღარ დაგხვდები სახლში!

თუმც ყველაფერი განვსაზღვრე თითქოს, ხვალ რა იქნება, მაინც არ ვიცი, იქნება ხვალე ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად უნდა აეწყოს... უეჭველი კი ის არის მხოლოდ, რომ ყველაფერი არის საეჭვო!

მე ვარ მდინარე. ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს. მეორეს ეძებს, რომ შეუერთდეს და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე. არ შეიძლება, არ შეიძლება, მთელი სიცოცხლე გეძინოს მარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ მუდამ ვინმესთან შეხვედრას ნატრობ.
(დღემდე ამის თქმას ვერ ვახერხებდი, დღეს კი ფრჩხილებში მოგწერო უნდა: ვისაც ეძებდი, ის არ აღმოვჩნდი, არც შენ ყოფილხარ, მე ვინცა მსურდა!)

შენ ახლა ალბათ ტირიფთან ზიხარ და ვიღაც ბიჭი სიყვარულს გიხსნის, შენთვის ხომ მუდამ სულერთი იყო სუყველა სიტყვა, ჩემი თუ სხვისი...
შენ ახლა ალბათ სულ სხვასთან ზიხარ და არაფერი არ გახსოვს ჩემი. მე შენს ხსოვნაში მალე გავქრები, ვით ღია ზღვაში თვალს და ხელს შუა ქრება პორტიდან გასული გემი!
შენ არ გეგონოს, რამეს ვითხოვდე, ან გამომქონდეს მე განაჩენი. არც სიახლოვე, არც სინანული, არც დაბრუნება. არც აღსარება, მე არაფერი არ მინდა შენი!


 
თეკლათარიღი: შაბათი, 2013-03-02, 9:48 PM | შეტყობინება # 6
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ვერ ამიხსნია ეს გაორება, მე ახლა უკვე სხვაცა ვარ თითქოს, ჩემში ჩამჯდარა ორი არსება, ორივე ჩემგან თავისას ითხოვს.
ორი არსება ჩამჯდარა ჩემში, ორივე თავის სიმართლეს იცავს, კაცის ცრემლივით ტკბილ-მწარე ღვინოს ორივე თავის დოქიდან მისხამს.

შენ რა ღირსი ხარ ამ წერილისა, მაგრამ მე მაინც მოგწერე იგი. მე არაფერი არ მეგულება შენი მეტყველი თვალების იქით.
მგონი, ვიღაცამ ჩართო რადიო – ჩემკენ მოიწევს ბებერი გრიგი... იქნებ წერილი არც ღირს ამდენად, მაგრამ, გთხოვ, მაინც გახსენი იგი!
მე არაფერი არ მეგულება მაგ მშვენიერი თვალების იქით!..

ეს არის, ალბათ, უკანასკნელი, მე აღარასდროს მოგწერ ბარათებს, დღესაც არაფერს გეტყოდი, მაგრამ, მგონი, სიმთვრალე მალაპარაკებს...
მე ველი წერილს, მე ველი წერილს, რადგანაც რამეს ელოდო უნდა, ეს იყოს, თუნდაც, მხოლოდ სალამი, ეს იყოს სუფთა ფურცელი თუნდაც!

P.S. შენ არ გეგონოს ჩემი წერილი ან კურთხევა და ან ანათემა, არც თავს ვიმართლებ, მხოლოდ მტყუანი მოჰყვება ხოლმე თავის მართლებას!
დღეს გავიხსენე სუყველაფერი, რაც მეგონა, რომ აღარც მახსოვდა: რაც მახარებდა, რაც მაღონებდა, რაც მაცინებდა, რაც მატირებდა, რაც მჭირდებოდა და რაც მართობდა!..

P.P.S. მე შენ გიგზავნი ახლა ამ წერილს, ჩემი ფიქრით და ტკივილით სავსეს... ასე თავდება ყველა წერილი, დე, ეს წერილიც გათავდეს ასე:
მე ველი პასუხს, მე ველი პასუხს, რადგან სხვას უკვე არაფერს ველი. თვითონ არ ვიცი, ჩემი წერილი რად გამოვიდა ასეთი გრძელი...
აჰა, თარიღიც: ახლა დგას ათას ცხრაას სამოცდა ცამეტი წელი.
გთხოვ მაპატიო, გთხოვ, მაპატიო, გთხოვ, მაპატიო გაკრული ხელი...

პაატა ნაცვლიშვილი


 
თეკლათარიღი: შაბათი, 2013-03-02, 9:49 PM | შეტყობინება # 7
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


 
თეკლათარიღი: შაბათი, 2013-03-02, 9:50 PM | შეტყობინება # 8
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


 
თეკლათარიღი: შაბათი, 2013-03-02, 9:51 PM | შეტყობინება # 9
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შენ მე აკრძალულ მკვლელობით მომკალ...
/პასუხი პირველ წერილზე/

ღამეა. მარტოს, დაღლილს ფიქრებით, შენი წერილის წაკითხვის შემდეგ, ამტკივდა გული და იმას ვფიქრობ, პასუხი გაგცე – ნეტავ თუ შევძლებ.
ცაზე ვარსკვლავებს აქრობს ღრუბელი, მხრებზე მაწვება კუპრივით ღამე, სანთელს ვანთებ და გულს ვეკითხები: რა ვუპასუხო – მითხარი რამე.
ჩურჩულებს სიო და თმის კულულებს ელამუნება ჩემს ყვრიმალებთან, ყელზე მევლება, ვით შენი ხელი, შენგან მოსული იდუმალება.

კაცი, რომელიც ფიქრობს წარსულზე, აწმყოც აწუხებს და მომავალიც, ავბედობაც დ კაიბედობაც ხვედრია მისი. რა ბედნიერი ქალი ვარ მაინც, რომ გავხდი შენი წერილის ღირსი.
ისევ გახსოვარ და ისევ ნატრობ ჩემი თვალების ხილვას და ციმციმს. სიმართლე გითხრა, მეც მენატრები, უშენოდ ყოფნა ძალიან მიჭირს. ქალისთვის განა ადვილი არის გადავიწყება ლამაზი ბიჭის?!
რატომ გგონია, არ გითქვამს ჩემთვის სასიყვარულო სიტყვა არც ერთი. როგორ არ გითქვამს, აბა ამქვეყნად, აქამდე, ჩემო, როგორ გავჩერდი?
სულაც არ მიყვარს მე ის გულცივი, ვინც იებს აძრობს დედამიწიდან, შენ კი გეგონა, შენს თავს მერჩივნა ყველა, ვინც თურმე იებს მიძღვნიდა.
არ ხარ მართალი, ჩემო ძვირფასო, მე ორგულობის არა მაქვს ნიჭი, ქალაქში დღესაც არ მეგულება შენზე კარგი და ლამაზი ბიჭი.

ეს შენ შეგეძლო სხვაც გყვარებოდა, არ ვიცი, ჩემზე ნაკლებ თუ მეტად, მაგრამ ფაქტია, რომ სიყვარულმა მე ცხოვრებაში დამტოვა კენტად.
ეჭვებისაგან შეშლილი იყო ჩემი სული და ჩემი სხეული, მაგრამ სიტყვაც კი არ დამცდენია. მე საყვედურის არ მქონდა ძალა, რა საჭიროა ხვეწნა–მუდარა, ვინც წამსვლელია, ის მაინც წავა.
არც მერე მითქვამს მე საყვედური, როცა წახვედი, დამტოვე მარტო. დანაშაული შენ თუ არ გქენჯნის, სხვამ გაგრძნობინოს – არა მგონია. შენ კი აკრძალულ მკვლელობით მომკალ, ვით აქაფებულ ზღვაში თოლია.
სიკვდილი ბევრად სჯობია ღალატს. ვინა თქვა, თითქოს მისი სწორია. სიკვდილის შემდეგ კაცი ისვენებს, ღალატის შემდეგ – არა მგონია.

დიდხანს ველოდე საწადელ სიტყვას, არ გაიმეტე, აღმოჩნდი ძუნწი. არ ვიცი, ვისთვის გადაინახე, შენ იქნებ ახლაც ვიღაცას უცდი!
შენ ჩემს შესახებ არაფერიც არა გცოდნია, მე კი სხვებისგან ხშირად–ხშირად გამიგონია, შენი მიჯნური შენი ღირსი სულ არ არისო.
მე რას ვფიქრობდი? აბა, რა გითხრა, შენ ყველაფერი იყავი ჩემთვის: ადამიანი, სატრფო, მიჯნური, ყოვლის მძლეველი იყავი ღმერთი.
ვიყავით ორნი, მთელი ქალაქი ჩვენს სიყვარულზე ლეგენდებს თხზავდა. არც გაგონილი, არც წაკითხული სხვა სიყვარული ჩვენსას არ ჰგავდა.
მარტის თვესავით არეულია შენი აზრები, შენი ფიქრები და მეჩვენება, რომ სიბერმდე სულ გაზაფხულის ფერი იქნები.

კვლავ მტანჯავს შენი ხილვის სურვილი, არ თქვა, რომ ამის არ მაქვს უფლება, მე სიყვარულის თვით ღმერთი მწყალობს, მოდის და შენზე მესაუბრება.
როგორ მიყვარხარ? – არ შემიძლია, სიმართლე გითხრა, აღწერა მისი. გამოთქმა, ჩემო, ყველაფრის ძალმიძს და არც არაფრის დახატვა მიჭირს, მაგრამ სიყვარულს, მე რომ განვიცდი, მე რითაც ვცოცხლობ, მე რითაც ვიწვი, როგორ აგიწერ... მქონდეს იმედი ნეტავი რისი, როცა საკმარი არ მაქვს სიტყვები, არც მეხმარება აზრები სხვისი.
თმებში იმძლავრა სითეთრემ. იცი, თმის თეთრი ფერი თუ რა ბევრს ამბობს. თვალთაგან ცრემლი ჩამომდის ღვარად და წამწამებზე საღებავს ალბობს.
ღმერთს არ ვახსოვარ დაბადებიდან, არ გამითენა დღე ჯერ მზიანი. ვერ ამიხსნია, ნუთუ დარდისთვის ჩნდება ამ ქვეყნად ადამიანი?


 
თეკლათარიღი: შაბათი, 2013-03-02, 9:52 PM | შეტყობინება # 10
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შენი სათქმელი, მახსოვს, ლექსებად იღვენთებოდა ჩემს სარკმელს იქით. იწვოდი ისე, ვით სიბნელეში შემორჩენილი სანთელი იწვის.
რომ დაგივიწყო? – არ შემიძლია, გრძელი დღეების რიგები მიმდის და ნუ გგონია, ნუ გეჩვენება, ვინც ჩემს სახლთან დგას, ყველა მე მიცდის.
შენ გჯერა კატის და გეშინია, ჩემსკენ მომავალ გზაზე არ იდგეს. სასაცილოა, რა ესმის კატას, რომელ ქუჩაზე რა დროს გადირბენს. ერთი მათგანი მე შინაც მიზის – შავი ფერია, მწვანეთვალება. თუ გაუჯავრდი, გაიბუტება, კარებს აღებს და მიიპარება, მასაც შენსავით ახასიათებს შეყვარება და გადაყვარება.
მე შენ აღარსად არ გელოდები? – მცდარი აზრია: მე გიცდი ხესთან, მე გიცდი ხევთან, მე გიცდი წყალთან, მე გიცდი ზღვასთან, მე გიცდი ყველგან და ეს ლოდინი სულაც არა მღლის, სულაც არ მქანცავს.
მე გელი, მოდი, ისევ მიყვარხარ, მოდი, მოგხვიო კისერზე ხელი, ჩაგენთო სულში და მთელ სხეულზე ისევ მოგკიდო ალმური მწველი.
მოდი, იხილე, რამხელა არის ნაძვი, ოდესღაც შენ რომ დაჭერი, მოდი და ნახე, როგორ გაზრდილა იმ ნაძვზე, სულო, ჩვენი სახელი.
თუ ბედნიერი ვიყავით როგორ, მის გახსენებას არა აქვს აზრი, რადგან არასდროს არ მოგაქროლებს აწ ჩემს ჭიშკართან ლამაზი რაში. ეს იყო წინათ, ეს იყო მაშინ... როცა ორივე ვიყავით ბავშვი, მის შემდეგ ოცი გავიდა წელი, და მე ყოველ დღე, ყოველი ღამე გელი და გელი...

გადავიღებე თმები თაფლისფრად, ვარ შავთვალება, ლამაზი ქალი. დავხეტიალობ, დავალ მთელი დღე, იქნება სადმე შენ მოგკრა თვალი, რომ გაგახარო ჩემთან შეხვედრით და ძველებური მოგკიდო ალი.
ალერსი გინდა? – მოგეფერები, შენ ახლა სევდა მეტი გაქვს გულში, ჭაღარა თმებში შეგიყოფ თითებს, ჩაგეღვენთები მალამოდ სულში.
მაგრამ ამაო ცდაა ყოველი, შენ ჩემზე ფიქრი აღარ გაწუხებს. თუ არ ისურვებ, შენ თუ არ გაწყობს, არავის ტრფობა არ შეგაწუხებს.
უშენოდ ყოფნამ სული დაღალა და გულიც ხშირად მტკივა ძალიან, მე რომ მარტო ვარ, შენ რომ მარტო ხარ, ეს, ჩემო, მხოლოდ შენი ბრალია.

დრომ მოიტანა და გულგრილობა ყველა მამაკაცს ახასიათებს. რად გინდა, მასაც ყულფი არგუნო, ავი ძაღლივით გებას კარებზე. ბაღში შემსვლელი, თუ სურვილი აქვს, უკან დასახევ კარებს არ ეძებს.
წერილს მწერ, მაგრამ სიმართლეს არა და მსგავსს კვლავ დასწერ ალბათ ბარათებს, რადგან გრძნობები კი არ გაწუხებს, ეს მხოლოდ მუზა გალაპარაკებს.
ჩემს სულში ისევ ჩასახლდა სევდა შენზე ფიქრის და შენზე წუხილის. როდი მეგონა გაჭირდებოდა ყოფნა უშენოდ ასე ძალიან. შენც გაპატიებ და სიყვარულსაც, ეს ყველაფერი თქვენი ბრალია.
ჰა! – ეს წერილი უკანასკნლი და გთხოვ, ულმობლად ნუ გამიკითხავ, ნურც პასუხს დაწერ, ნუ შეწუხდები, მე სულ ერთია ვერ წავიკითხავ.

როცა მოვკვდები, შენ არ იფიქრო, არ დამჭირდება სითბო მაგ ხელის, მიცვალებულსაც პატრონი უნდა, მიცვალებულიც ვიღაცას ელის.
გულმა თუ შეძლო, არ მიღალატა, გათენებამდე მოხდა, გადავრჩი, მე შენგან კიდევ დავუცდი ბარათს, რა ეწერება მხოლოდ ბარათში?!
ჩამოდნა ღამე და იფეთქა ცაზე ნათელმა, ვარდისფერ ნისლით აივსო ბინა, მე მთელი ღამე ამ ბარათს ვწერდი, გათენებამდე არ დამეძინა. რა ძნელი არის ასე რომ გიყვარს ის, ვის გულშიაც არა გაქვს ბინა.


 
თეკლათარიღი: შაბათი, 2013-03-02, 9:52 PM | შეტყობინება # 11
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
პასუხი მეორე წერილზე

მე ახლა, ჩემო, ისე მჭირდება შენი ნუგეში და სიყვარული, როგორც არასდროს. ვეღარ მოვუსმენ ბრალდებებს, ვერა და ეს წერილი, რიგით მეორე, არ დამაბრალებს არაფერს, მჯერა.
შენ ახლა შორს ხარ, მე ვარ სოფელში, ჩვენები უკვე ვენახს თოხნიან და ოხშივარი ძვალს მითბობს მიწის, მე ფეხშიშველი გავრბივრ სადღაც. შორს, ჰორიზონტზე ღრუბელი იწვის. სასწაულები ხომ ხდება, ჩემო, მერე რამდენი, ჩვენ კარგად ვიცით. იქნება ჭიშკარს ისევ მოადგე გაუხედნელი ლამაზი კვიცით.
მამალი ღამეს აფრთხობს ყივილით, ცაზე ცისკარი შერჩა კრიალა, წარმოვიდგინე ჩემი მეტოქე, სულზე გველივით გადისრიალა...
ვიღაცამ ყანწი ბოლომდე შესვა დ ალიონი ჩაიკრა გულში, ჩაყურყუმალდნენ მოქეიფენი ერთიმეორის ღრმა სიყვარულში.
მასპინძლის გოგო გარმონზე მღერის და მაგონდება მე ჩვენი ყრმობა, ცეკვით რომ ვცვეთდით წითელ ქალამნებს. რა თვალები გაქვს – მითხარი ერთხელ – ფეხს ვერ გადადგამ, ისე დაგაბნევს.
და მარტოობაც იმიტომ გვაკრთობს, აწმყო არაფრით რომ არ გავს წარსულს. მე მაგონდება, როგორ ეტრფოდი შენ ჩვენი გვარის შავტუხა ასულს, ახლა ასე რომ დაგვიწყებია და სიყვარული რატომღაც სხვა გსურს.
რა უფლება მაქვს, რომ სხვის სურვილებს და გემოვნებას დავუგო მახე, რად გაგახსენო მე ჩემი თავი, თუ ჩემზე უფრო ლამაზი ნახე.
მისთვის ჩაწნული სიტყვების გვირგვინს, ვიცი რომ მსგავსი ექნება ფერი, ჩემთვის მოძღვნილი აზრთა კონების, შენ ხომ საერთოდ არა გაქვს ნიჭი სხვა სიყვარულის გამოგონების.
ჩვენ აღარ გვჯერ სასწაულების, შევეჩვიეთ და აღარად ვაგდებთ. ყველა სიკეთეს, ციურს, მიწიერს, შევყურებთ იჭვით, მიტომ დავკარგეთ დარდის, ოცნების და სიყვარულის უბდლო ნიჭი.
მოგენატრები ყოველთვის, როცა ცას გადაკუპრავს შავი ღრუბელი და ჩამორცხავს შენს ფანჯრის მინებს შხაპუნა წვიმა. მე ვიცი, რასაც ინატრებ ამ დროს, მე ვიცი, ამ დროს გული რომ გტკივა.

გამახსენდება ჩვენი სოფელი, თითქოს საგანგებოდ დახატული, წყაროსთან მორაკრაკე, უსახელო, მაგრამ რა ლამაზი ნაკადული, ,,ნათელა ღელე", ჩაკიდებული, აქეთ პარტახი და იქით საყვირია, ჩვენი ორღობე, მწვანით ჩაკუპრებული, მზის და მთვარის სხივს მონატრებული, დილა იმერული, ღამე იმერული, ცაზე მოკიაფე ვარსკვლავთა კრებული. ჩემი ეზო, მწვანით დაფარული, ყვავილებით და ფოთლებით დაქარგული, ჭიშკართან ლოდინით დაღლილი ყმაწვილი, ჩემი სიყვარულით გათანგული.
გაგახსენდება სკოლის შენობა, დახურულ ფანჯრებს მიმდგარი ქალი, გარეთ წვიმაა, ნოემბრის სუსხი და წვიმის წვეთებს აწვალებს ქარი. ის ლოცვასავით ამოთქვამს სათქმლს, თან ბუნებისკენ უჭირავს თვალი. ,,შეხედე, ჩემო, უკვე აცივდა, ხეებს ყვითელი ფოთლები სცვივა და ტირის, ტირის მიწაზე წვიმა, წვიმასაც თავის ტკივილი სტკივა.
მალე, სულ მალე იქცევა ფიფქად, უსპეტაკეს და უწმინდეს მასად, მაგრამ უხეშად თუ შევეხებით, ისიც გაქრება ყველა ლამაზი ოცნების მსგავსად".
...ქაშვეთში ალბათ ჩაქრა სანთელი, მე ის ავანთე თერთმეტ საათზე (იქიდან ახლო იყო შენამდე). იქ რა მინდოდა? – ღმერთს შევეხვეწე: ,,უფალო ღმერთო, შენ გევედრები, გვაცოცხლე სულის გადარჩენამდე, სანამდე კიდევ გვქეჯნის ნამუსი და გზა სავალი მოსჩანს შენამდე".
ცუდად აგვიხდა, ჩემო, ის ნატვრა, ვერ ვიარსებეთ ჩვენ ერთად დიდხანს, მაგრამ რა გიყო, ვერ დაგივიწყებ, არც შენ არა გაქვს უფლება დაშლის, ხდება, რას ვიზამთ, კრიალა ზეცას უსიამოვნო ღრუბელი წაშლის.
სიზმარში გნახე, უფლის წინ იდექ ცოდვებისაგან განაწამები. მე მოვდიოდი, მე მოვდიოდი, მე მოვდიოდი შენსკენ წვალებით, მინდოდა, ჩემო, გადამერჩინა ღმერთის რისხვისგან შენი თვალები.
მე გაპატიებ, მე გაპატიებ. და მერე ყველა შეგინდობს, ვიცი. ხოლო ღმერთი თუ მაინც გაწყრება, მე დავბან ფეხებს ვით მაგდალინა და შევუმშრალებ ლამაზი თმებით. ღმერთიც შეგინდობს, მეც გაპატიებ და მერე უფრო მშვიდად მოვკვდებით.
მე გაპატიებ, რადგან არ ვიცი, რად ვარ ცოდვილთა ასე მიმნდობი, არ ვიცი, წარსულს რტომ ვივიწყებ და ან მომავალს რატომ ვენდობი.


 
თეკლათარიღი: შაბათი, 2013-03-02, 9:53 PM | შეტყობინება # 12
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
განშორებიდან სულ ერთხელ შეგხვდი, ისიც შემთხვევით.
ფიქრის გორიდან მარქსის ხიდამდე ფეხით ვიარეთ. შენ შენი გულის ტკივილი მითხარ, მე კიდევ ჩემი გაგიზიარე. ,,გახსოვს 56 წელი, 9 მარტის ღამე, მაშინ აქ მოკლეს მერაბი, გელა, და დაუგლიჯეს შავლეგოს ფეხი, მაშინ აქ ჩვენდა მოულოდნელად მოწმენდილ ციდან გავარდა მეხი.
ღამით ფანჯრიდან დიდხანს ვუყურეთ როგორ აავსეს მტკვარი გვამებით, მე გიჩურჩულე – ვარდების ზღვას ჰგავს, შენ ოხვრით მითხარ: გამიშვი, წავალ, გამიშვი, ჩემო, ვარდების ზღვაში გადავვარდები.
მეორე დღეს კი კამოს ქუჩაზე მორგის კარებთან იდგა თბილისი, იდგა მდუმარი, მშრალი თვალებით. მე გავიარე დამუნჯებულმა ჩემი ქალაქის ფერისცვალებით.
და რომ გვეგონა, დრო ყველაფერს წაშლიდა ჩვენში, მოხდა პირიქით, განუკურნავი დარჩა იარა, თუმც იმის შემდეგ ბევრჯერ დაზამთრდა, ღრუბლებმაც ბევრჯერ გადაიარა.
დრო კი კვლავ მთელი სისწრაფით მიდის, მომავლის არვის არა აქვს რიდი, ზოგისთვის არის სინათლით სავსე, ზოგისთვის მოაქვს სევდა და ბინდი, განუკითხველად ებრძვის ერთმანეთს ღონიერი და ღონემიხდილი.

წლები მიდიან, თმები თეთრდება და ნაოჭები ღარავენ სახეს, ლამაზ თვალებში ჩამდგრა ნისლი, ამაოდ გძებნეს, ვერსად ვერ გნახეს.
შენ კარგად მიცნობ, იცი, არა მაქვს შეუნდობლობის დამღა და ნიჭი, მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება კიცხის ტალახში გასვრილი ბიჭი.
ცუდად აგვიხდა ის წინათგრძნობა, თოვლივით გაქრა ჩვენი ოცნებაც, არც გვეცინება, არც გვემღერება, არც გვეფერება, არც გვეკოცნება.
მეეზოვეებს გადაუშლიათ შენი და ჩემი ნაფეხურები და დაგვილ ქუჩას სულ სხვები ცვეთენ. ცის კიდეში კი ... მარტო დარჩენილ ბრდღვიალა მთვარეს ავი ძაღლები – ჰყეფენ და ჰყეფენ.
ის მთვარის შუქი, შენსკენ მფრინავი, მე შევაჩერე ჩემი ხელებით, სანამ შენ გნახავს, შენამდე მოვა, სულ ცოტას მაინც მოვეფერები.
მე სიყვარულში არ მქონდა ბედი, არ ვიცი რატომ, ვისი ბრალია, რაც მოხდა, იცი, შენი ბრლია, ფიცის გატეხვა ავთა საქმეა, ერთგულება კი კარგთა ვალია.
გამატიალა ტანჯვა–წვალებამ, გულს არაფრი არ უხარია, სარკეს ჩავყურებ და მეტირება, სახე ნაოჭებს დაუღარია.

რად გაკვირვებდა, დღესაც არ ვიცი, ჩემი ნაღველით სავსე თვალები. შენ ბედნიერი იყავი მუდამ, მე კი ცხოვრებას მივდევ წვალებით და ბოდიშს გიხდი, რომ დავიწყება შენი ვერ შევძელ, კარგო, ვერაფრით, გული მატკინე თუ გამახარე, კმაყოფილი ვარ მაინც ყველაფრით.
ბედნიერებას მე აღარ ველი, არ შეიძლება ლოდინი მისი, ბედნიერება ჩემი შენ იყავ, სხვასთან ვერ გავხდი მე იმის ღირსი.

შენ ახლა შენი ოჯახი გათბობს, ჭიკჭიკებს ორი ჩიორა ჩიტი, მეუღლეც ალბათ მუხლზე თუ არა, სადმე მახლობლად საწოლზე გიზის. შენ მართალი ხარ, მეც ასე ვფიქრობ, ასეთი ყოფა ყველას სჯობია, არ შეგაწუხებს იმაზე ფიქრი, ვისაც უყვარხარ – სხვისი ცოლია, რომ ის აკრძალულ მკვლელობით მოჰკალ, ვით აქაფებულ ზღვაში თოლია.

აზრი აღარ აქვს წუხილს და ტილილს, წლები გსულა მერე რამდენი, ჩვენ წავალთ, ქვეყნად კიდევ დარჩება სიყვარულისთვის ცრემლის დამდენი.
და მაპატიე, თუ დავიღალე, გაქრა სურვილი წერილის წერის. ტელევიზორში ბიჭუნა უკრავს და ჩვენ საყვრელ სიმღერას მღერის:
,, სიყვარულში ბედი სწყალობთ გედებს,
ერთგულების საოცარი ნიჭი აქვთ,
სცილდებიან ერთურთს მხოლოდ ერთხელ,
როს იმ ქვეყნად სამუდამოდ მიდიან."
თბილისში უკვე დადნა თოვლი და გაზაფხული შემოდის ეშხით. ვიღაცა ისევ გაყიდის იებს და გაიღვიძებს ოცნება ჩემში, გზის პირად როგორ მიცდის მაღალი, ჭაღარა კაცი იებით ხელში.
ისევ მოდიხარ, შენი ღიმილით ისევ ანათებ ჩემს ბნელ სამყაროს. შერისხე, ღმერთო, ყველა შერისხე, შეყვარებულნი ვინაც გაყაროს.

მზე ამოვიდა და მწვანე მდელოს თბილი ალერსით შეაშრო ნამი. შორს ჰორიზონტზე ვიღაცა გაჩნდა, ვიღაც შენს მაგვარს მოვკარი თვალი. ნუთუ შენა ხარ, ჩემო სიცოცხლევ, ნუთუ შენ მოგაქვს მწყურვალთან წყალი.

ნათელა მდინარაძე


 
თეკლათარიღი: შაბათი, 2013-03-02, 9:58 PM | შეტყობინება # 13
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ამაო ფიცი

არ ვიცი რას მივაწერ ამ ბოლო დროს დასტა–დასტად რომ მიგზავნი ბარათებს. მე მხოლოდ ერთადერთხელ მოგწერე და მაშინაც მთელ ცისქვეშეთს ვიფიცებდი, რომ კარგა ხანია აღარ მახსოვხარ და აღარც შენთან გატარებული ტკბილ–მწარე დღეები მაგონდება–მეთქი; მართლაც, რა ბედნიერებაა, რომ უშენობის ეს დღეები ისე გაილია, ერთხელაც არ გაიელვა შენმა ფერმკრთალმა, უღვთოდ ლამაზმა სახემ... თორემ რას ჰგავდა ადრე ჩემი ცხოვრება დღენიადაგ შენზე ფიქრით გათენებულ–დაღამებული?
შინ იმიტომ მივიჩქაროდი, მისვლის უმალ დამირეკავდი ხოლმე, სამსახურში ყველაზე ადრე იმიტომ ვცხადდებოდი, ოთახში შესვლისთანავე ტელეფონის ზარი გაისმოდა და ეს უსათუოდ შენ იყავი.
ახლა კი... ახლა მე ,,მიტოვებული ქალი" მქვია (გახსოვს ბალზაკის ეს დიდებული მოთხრობა?). ჰო, მიტოვებული მქვია, უდანაშაულოდ, განუსჯელად, დაუნდობლად მიტოვებული, და მაინც ბედნიერი, რადგან შევძელი შენი დავიწყება.
შენ იცი, დიდი ღვთისმოსავი არა ვარ. ამ ბოლო დროს კი ღმერთს მხოლოდ ამას შევთხოვდი – მოეცა ჩემთვის ისეთი ძალა, შენს დავიწყებას რომ შემაძლებინებდა... და მისმინა! აღარ მახსოვხარ, გესმის? აღარ მაგონდები!

მერედა რა, თუ ამას წინათ დიდ პალმას რომ ჩავუარე, წუთით, მხოლოდ წუთით შევჩერდი და ისე ნათლად, ისე ცხადად დაგინახე ხეზე ზურგმიყრდნობილი... მაგრამ ეს იყო წუთით, მერე კი გაქრა, გაუჩინარდა ეს წამიერი მოლანდება...
მერედა რა, თუ ჩემი სახლის წინ ვიღაცეები იდგნენ და ერთს, შენსავით მაღალსა და ბეჭებგანიერს სულ შენი ხმა ჰქონდა და შენივ სიცილი... მერე რა, თუ მუხლები მომეკვეთა და კინაღამ წავიქეც...
მერედა რა, დღეს დილით ავტობუსში ჩემს პირდაპირ მჯდომი მამაკაცი შენ თუ გამსგავსე? მის თმებსაც შენსავით მხოლოდ ერთგან გასდევდა ნაადრევი ჭაღარის თეთრი ზოლი... მერე ირგვლივ საოცარი სიბნელე ჩამოწვა და იმ უკუნეთში მხოლოდ ეს ზოლიღა კიაფობდა ქვეცნობიერად, ის თეთრი ზოლი.

იცი რას გეტყვი, ბატონო ჩემო? თუ არ გადავიფიქრე და ამ წერილს მაინც გამოგიგზავნი, დასაწყისში რამდენსამე სტრიქონს უკვალოდ წავშლი. თორემ ეს რა გამოდის? სულ ამაოდ, სულ ტყუილად დამიფიცნია მთელი ცისქვეშეთი... მაინც .........!


 
თეკლათარიღი: შაბათი, 2013-03-02, 9:59 PM | შეტყობინება # 14
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
* * *

ძვირფასო შვილო სიცოცხლეს გისურვებ...
ხანდახან ვნატრობ, ნეტავ იმის ძალა შემწევდეს, ყველა სურვილი რომ აგისრულო, ოცნებები ცხადად გიქციო...
მინდა ხედავდე - როგორ ტორტმანებს ცაში თოლია,
მსურს დაინახო ცისარტყელები და მტრედისფერი განთიადები,

მინდა, რომ გრძნობდე დაუვიწყარ და მკვეთრ სურნელებას პირველი იის, ქათქათა სუფრის, შემწვარი წაბლის,
მოსიყვარულე ახლობელ ხელებს...
გემოს - ახალი პურის, წყაროს ცივი წყლის, საამო ღვინის...

შვილი ყველაზე დიდი შენაძენია, თუკი მშვიდ ძილს და მოსვენებას მუდამ უფრთხოდი,
რაც შენ გამიჩნდი, ცხოვრება უჩვეულო წიგნის კითხვას დაემსგავსა, ერთი სული მაქვს, სანამ ფურცელს გადავშლი და წავიკითხავ, რა სიახლეს მიმზადებ ახლა...

ყოველი შენი წარმატება მეამაყება - ვიცი, დაუზოგავი შრომის ფასად გაქვს მოპოვებული.
მეამაყება შენი სილამაზე, გონიერება...
მაგრამ ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ ხარ ისეთი, როგორიც ხარ!
მინდა იცოდე - შენ ჩემთვის ყოველგვარი "წარმატების" გარეშეც განსაკუთრებული ხარ!

დედის წერილიდან.


 
თეკლათარიღი: შაბათი, 2013-03-02, 10:00 PM | შეტყობინება # 15
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
* * *

მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი, მაგრამ სიტყვების არ მეყო ნუსხა.
და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს, რომ ჩემი გულის შეიგრძნო სუნთქვა!

შენი ლამაზი სახის დახატვა ვერ შევძელ, რადგან ვერ ვნახე ფერი.
რომელიც ტუჩებს მოგიხატავდა, და იქნებოდა თვალთ შესაფერი!

შენი ლამაზი ხმის ჰარმონია, ყურში ჩამესმის მე გამუდმებით.
შენი სახელის ყრუ მელოდია, გულის სიღრმიდან ლხენად მომესმის...

და აღარ შემწევს იმისი ძალა, რომ კვლავ წარმოვთქვა შენი სახელი.
მე ვეღარ შევძლებ ამის დამალვას, და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს!

მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი, მაგრამ სიტყვების არ მეყო ნუსხა.
და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს, რომ ჩემი გულის შეიგრძნო სუნთქვა!


 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz