ორშაბათი, 2025-07-14, 8:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
მე შენ გიგზავნი ახლა ამ წერილს...
თეკლათარიღი: შაბათი, 2013-03-02, 9:43 PM | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


 
თეკლათარიღი: შაბათი, 2013-03-02, 10:00 PM | შეტყობინება # 16
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ერთი მუჭა სიყვარული

ერთი მუჭა სიყვარული შევაგროვე ჩვენი ერთად ყოფნიდან და შავი დღისთვის გადავინახე,
როგორც კანფეტებს ვმალავდი - ხოლმე ბავშვობაში.
შავი დღე დადგა - ცისარტყელა წამიშალე ...

ოთახში უშენობა ავანთე და ყველა ცრუ რწმენა გავანიავე - სიყვარულზე (რომელსაც შენ მიყვებოდი)
მერე ფანჯრიდან გავხედე და სულაც არ იყვნენ ისეთი ლამაზები...

მე უშენობაში ცხოვრებას ვეჩვევი...
ყოველ დილით ერთ ფილა სიყვარულს ვიღებ ჩვენი ერთად ყოფნიდან,
ჩაის ვსვამ და
რა ლამაზია იცი უშენობა? ცალი თვალით მაინც რომ შეგახედა...


 
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2013-03-05, 11:24 PM | შეტყობინება # 17
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მე მამაშენი ვარ, ჯერალდინა! - ჩარლი ჩაპლინი!

ახლა ღამეა. შობაღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას, დედაშენსაც კი.
შენ ისე შორს ხარ ჩემგან…მაგრამ დაე თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს შენს პორტრეტს არ ვუმზერდე. ის აქ არის, ამ მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სად ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში დიდებულ სცენაზე ცეკვავ.

ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე! იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე! მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე. ყური მიუგდე მამაშენის ხმას. მე მამაშენი ვარ. ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!

იცი კი რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან?! სულ პაწიას, ზღაპრებს გიყვებოდი! – ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი: „გამშორდი – მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან!~ მე ვხედავდი შენს ოცნებებს, ჯერალდინა! ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს. ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, მოფარფატე ფერიას. მესმოდა როგორ ლაპარაკობდა ხალხი: `ხედავთ ამ გოგონას?! - ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია. არ გახსოვთ, ჩარლის რომ ეძახდნენ?~

ხო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა. დღეს შენი ჯერია, იცეკვე! მე ფართხუნა, დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის. გაფრინდი, გაფრინდი, მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება – ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისაგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ! მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან ერთად იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულის ფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი: `ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?~ შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა...…იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია.…ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი… მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი ზღაპარი! მე ვიცი რა არის შიმშილი! ვიცი რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა?! - მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ...

შენ ჩემი გვარის ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელ დედამიწას აცინებდა. მაგრამ სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა?! -სამყარო, სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!...

ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის მძღოლს ცოლის ამბავი გამოჰკითხო, შეიძლება ცოლი ფეხმძიმედ ჰყავდეს და იმის ფულიც კი არ ჰქონდეთ, რომ თავიანთი მომავალი პირმშოსათვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში. მე ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაისტუმრონ. სხვას კი ყველას ზუსტად გადაუხადე!

დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე. იარე ფეხით, ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც უთხარი შენს თავს: `მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ!~ - დიახ, შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ, ჩემო გოგონა. ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს... როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან, პირველივე ტაქსი გააჩერე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს – შენსავე მსგავსთ, შენზე უფრო ლამაზებსაც, შენზე ამაყებს! შენი თეატრის პროჟექტორების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მხოლოდ მთვარეა. დააკვირდი, აბა კარგად დააკვირდი: ხომ შენზე უკეთ ცეკვავენ?! - გამოტყდი ჩემო გოგონა! ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე უკეთ თამაშობს. და ეს გახსოვდეს: ჩარლის ოჯახში არასდროს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისათვის უკმეხი სიტყვა ეთქვას, ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისათვის დაეცინოს!


 
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2013-03-05, 11:25 PM | შეტყობინება # 18
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ჩარლი წავა ჯერალდინა და შენ იცოცხლებ... მე არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს – ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს: ორ ფრანკს რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არისთქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვა უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც კი სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, რომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა,…ჯერალდინა! - მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი რა მინდა გითხრა, ჩემო გოგონა,…ადამიანს, ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზებს ამ ვერაგ თოკზე... შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ. გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს. ნუ გაცვლი შენს ფულს ოქროსა და ბრილიანტებზე! - იცოდე ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ ყველას ერთნაირად დაგვნათის. ხოლო როცა ჟამი დაკრავს და სიყვარული გეწვევა, მთელი გულით შეიყვარე შენი რჩეული!...

მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც ასე მგონია, რომ შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს. რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება?! - თუ ასეა, ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ ასე, ნუ გეშინია. ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს… ჯერალდინა, მე მინდა, რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო.
ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე, ჩემო გოგონა. ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლები არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობის ღამე, სასწაულების ღამეა. მინდა რომ მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი - ყველაფერი რაც შენთვის მინდოდა მეთქვა.
ჩარლი დაბერდა ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე – იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი - ჩარლი ჩაპლინი.
მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი...

ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი


 
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2013-03-05, 11:26 PM | შეტყობინება # 19
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: კვირა, 2013-03-31, 6:41 PM | შეტყობინება # 20
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
წერილი სანტას!

ალბათ გაგიკვირდება, როცა ჩემს წერილს მიიღებ. იცი, რომ არ გაღიარებ. მე ჩემი თოვლის პაპა მყავს - ქართული. მაგრამ, ჩემი შვილების არ იყოს, თუ მართლა არსებობ და თუ მართლა ამერიკაში ცხოვრობ, მაშინ ნამდვილად შენ ხარ ჩემი წერილის ადრესატი.

მანდ, მაგ უზარმაზარ ქვეყანაში ერთი გოგო ცხოვრობს. მასზე გიამბობ, ის ჩემი დაა...

...და მენატრება!

მე მას ყოველთვის დაუფიქრებლად ვუხსნიდი გულს, ვუზიარებდი თავგადასავლებს, ის ჩემი მუდმივი დამცველი იყო. არასდროს მაკლებდა ზრუნვას და ჩემთან ჩნდებოდა განსაცდელის დროს, ჭირშიც და ლხინშიც. ის, უბრალოდ, ჩემნაირია!

მან იცის რატომ ვარ ასეთი, როგორიც ვარ. ჩვენ გვაქვს რაღაც, რასაც სხვა ვერასდროს გაიზიარებს - ბავშვობის წლები. იმედებით, შიშებით, საიდუმლოთი, ტკივილით სავსე... მხოლოდ ჩვენ გვახსოვს ერთმანეთის პატარ-პატარა გამარჯვებები და ტკივილები. ჩვენ ერთმანეთს გულში ვუზივართ! საკუთარი ხუთი თითივით ვიცნობთ, გვიყვარს და გვჭირდება ერთმანეთი. სულ მაქეზებდა წარმატებისკენ მიმავალ გზებზე და როდესაც გამარჯვება მე დამრჩებოდა, ბრწყინავდა ბედნიერებით...

და იმ გაბრწყინებული თვალების ნახვა მენატრება!

და დედაჩემის დამშვიდებული სახის ისევ ნახვა მინდა!

დამიბრუნე ჩვენი ბავშვობა, ჩვენი სიხარული და ბედნიერება!

მე უკვე დიდი გოგო ვარ და ვიცი, როგორ სრულდება საშობაო სურვილები. თუ ვერ ჩამახუტებ, იქნებ გადასცე, რომ ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს!

ის ისეთივე დაიკოა ჩემი, როგორიც მაშინ ბებიაჩემის თავსაბურავით მორთულს ,,ტახტრევანზე” რომ დამაბრძანებდა... იწუწუნებდა, მაგრამ მაინც გამასეირნებდა...

მადლობელი ვარ, რომ არსებობს. მერე რა მოხდა თუ ერთმანეთი დიდი ხანია არ გვინახავს?!

მადლობელი ვარ, რომ გულში მიკრავდა...

მადლობელი ვარ, რომ წიგნებს მიკითხავდა...

მადლობელი ვარ, რომ ზრუნავდა ჩემზე...

სანამ პირში სული გვიდგას, ერთმანეთის ცხოვრების ნაწილი ვიქნებით. რაც არ უნდა შორი-შორს ვიყოთ, როგორც არ უნდა განვსხვავდებოდეთ, ერთმანეთს ვერავინ შეგვიცვლის.

ჩვენ ისეთი მოგონებები გვაკავშირებს, სხვამ რომ არავინ იცის, ისეთი დარდები - სხვა რომ ვერ გაიგებს, ისეთი სიხარული - ჩვენთვის რომ საიდუმლო განძია, ბოლოს და ბოლოს დედაჩემის გატეხილი ლარნაკი რად ღირს?! ერთიმეორის ზიარია ჩვენი სიცოცხლე.

ძვირფასო სანტა!

ვიცი, რომ ჩემმა წერილმა ერთი ფეხით დააგვიანა... შენთვის წერილების მოწერის დღე გუშინ იყო... მაგრამ დღეს ჩემი დაბადების დღეა და იქნებ....

P.S. ,,რა ეულად იგრძნობდა თავს ადამიანი ამ სამყაროში, სადმე, თუნდაც შორს, თავისი და რომ არ ეგულებოდეს.”

ნანა მღებრიშვილი


 
თეკლათარიღი: კვირა, 2014-03-09, 8:45 AM | შეტყობინება # 21
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
წერილი ყოფილ ცოლს – "მაპატიე, რომ მიგატოვე!"

"ისეთი სევდა დაგეუფლა, ისეთი გრძნობა, ფოთლის მაგივრად თითქოს წეღან შენ მოწყდი ხიდან..." – ოთარ ჭილაძის ამ სიტყვებს ვკითხულობდი ცოტა ხნის წინ და შენი სახე დამიდგა თვალწინ. იმ წუთში მართლაც უღონო, უმწეო ფოთოლს ჰგავდი, ფარფატით რომ ეშვება დიდი სიმაღლიდან და კი არ ვარდება, კი არ ენარცხება, უსულოდ ესვენება მიწაზე. ზუსტად ასეთი იყავი მაშინ. უმწეოდ, უსიტყვოდ მიყურებდი. თითქოს მევედრებოდი, რომ გადამერჩინე, უბეში ჩამეხუტე, მაგრამ იმ დროს თანაგრძნობის გაწევის უნარი დაკარგული მქონდა. რამდენიმე დღის განმავლობაში გაზუთხულ სიტყვებს გეუბნებოდი, რომ ჩემთვის უნდა გეპატიებინა, რომ შენთან ცხოვრება არ შემეძლო. მაშინ ჩემთვის მთავარი იყო, ეს სიტყვები რაც შეიძლება სწრაფად მეთქვა და ყველაფერი დამესრულებინა. იმას კი არ ვუყურებდი, შენი სულის სარკმლებში რა ხდებოდა, ცრემლი როგორ გუბდებოდა. ეს ყველაფერი ჩემმა მეხსიერებამ ფოტოსავით აღბეჭდა და ყოველ შენს გახსენებაზე ამ სურათს თითქოს ცხვირწინ მიტრიალებს.

ჩვენ სიყვარულით არ შევუღლებულვართ, უფრო სწორად, მე არასოდეს მითქვამს, რომ შენ მიმართ დიდ სიყვარულს ვგრძნობდი. ერთადერთი, თავს იმით ვიმშვიდებ, რომ არასოდეს მომიტყუებიხარ. თავიდანვე იცოდი, რომ წლების განმავლობაში ერთი გოგო მიყვარდა, რომელიც სხვა კაცის ცოლი გახდა. ჩვენ ერთმანეთი მეგობარმა გაგვაცნო. შენგან ისეთი სითბო მოდიოდა, თითქოს ჩემს სახლში ვიყავი, თითქოს სადღაც ჩვენს ახლოს ბუხარი გიზგიზებდა და შეშის სურნელს ატრიალებდა – მშობლიურს და ძალიან ახლობელს. ამან მიმიზიდა, ამან მაფიქრებინა, რომ ჩემს დიდ სიყვარულს ეს სითბო გადაფარავდა და ტკივილს დამავიწყებდა. მე, როგორც ბავშვს, ისე გათვალიერებდი, ზოგჯერ ბავშვივითაც გექცეოდი, შენ კი დაბრძენებული ადამიანივით შემიყვარე, ისეთი სიყვარული მაჩუქე, მხოლოდ წიგნებში რომ წერია და ფილმებში რომ აჩვენებენ.

ჩვენი ოჯახური ცხოვრება ისეთივე მშვიდი იყო, როგორიც შენ. ჩემთვის იმედი არასოდეს გაგიცრუებია. ქორწინებამდე რასაც შენგან მოველოდი, ქორწინების შემდეგ ზუსტად იმას ვიღებდი – სითბოს და სიყვარულს. შენს მშვიდ სახეს ჩემი დანახვა ისე აცისკროვნებდა, იმდენი ციცინათელა გიკრთოდა თვალებში... თურმე რა ბედნიერი ვყოფილვარ, თურმე რამხელა ბედნიერებაა, როცა შენს დანახვაზე ქალის თვალებში ათასი ათინათი კრთება. მე კი ეს ყველაფერი მაშინ დავაფასე, როცა აღარ მქონდა.
ჩვენი ქორწინება ერთი წელიც არ გაგრძელდა. ყველაფერი მე დავანგრიე.

ერთ დღეს გავიგე, რომ ჩემი ყოფილი შეყვარებული ქმარს გაშორდა და იმ წუთიდან თავგზა ამებნა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ მენახა. თავს ვიტყუებდი, რომ მისთვის მხოლოდ კითხვების დასმა მინდოდა. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, შევხვდები და მხოლოდ იმას ვკითხავ, რატომ მიმატოვე, რატომ მომატყუე–მეთქი. მართლაც შევხვდი, ეს კითხვებიც დავუსვი, მაგრამ პასუხი არც მაინტერესებდა, ისე მიზიდავდა, თითქოს მისი სხეულის ნაწილი ვიყავი და უნდა გავმთლიანებულიყავით. იმ დღეს ჩვენი ურთიერთობა განახლდა. მითხრა, უჩემოდ ცხოვრება არ შეეძლო და ქმარს იმიტომ გაშორდა, რომ მე ვერ მივიწყებდა. მეც დავუჯერე და გადავწყვიტე, ქორწინება დამესრულებინა, ჩემს ყოფილ შეყვარებულთან შემექმნა ოჯახი. შენთვის სიმართლის გამხელა ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მაინც გითხარი. შეტრიალდი და უხმოდ გამეცალე. ცრემლებიც კი არ მაჩვენე, არც საყვედური გითქვამს იმ სიყვარულისთვის, რომელიც ჩემთვის გაიღე, რომელიც ასე უშურველად მაჩუქე.

მერე...
მერე ჩემი ცხოვრება ტრაგიკომედიას დაემსგავსა. ჩემს შეყვარებულთან ოჯახის შექმნაც ვერ მოვასწარი, ისე სწრაფად გამშორდა. თურმე ქმარს რომ გაშორდა, უცხოეთში გასამგზავრებელ საბუთებს აგროვებდა, იქ გეგმავდა წასვლას. მე უარი იმიტომ არ მითხრა, რომ რეზერვად დამიტოვა. კონსულს რომ უარი ეთქვა მისთვის, მარტო ხომ არ იქნებოდა, გულის გადასაყოლებლად ვინმე ხომ სჭირდებოდა. ყველაფერი რომ მოაგვარა და გასამგზავრებელი ბილეთიც აიღო, სიმართლე მერე მითხრა. სასაცილო მდგომარეობაში ჩავვარდი. ოჯახი დავანგრიე, ქალს, რომელსაც სიგიჟემდე ვუყვარდი, მის გამო ხელი ვკარი, მას კი თურმე არც ვყვარებივარ, თურმე ყოველთვის მატყუებდა.

ხშირად ვფიქრობ, ვინ იყო ის ქალი ჩემს ცხოვრებაში – დიდი ვნება თუ დიდი სიყვარული. მგონია, რომ მხოლოდ ვნება იყო, რადგან მას სხვა არაფრის მოცემა შეეძლო ჩემთვის. სიყვარულს კი სითბო სჭირდება, რომ იცოცხლოს და ამას მხოლოდ ახლა მივხვდი.
ყოფილ ცოლს პატიებას ვთხოვ. ვიცი, ჩვენი ერთად ცხოვრება შეუძლებელია, რადგან უკვე ბევრი რამ გვაშორებს ერთმანეთისგან, მაგრამ მაინც გთხოვ – მაპატიე! ალბათ შენი ღირსი არც ვიყავი, ალბათ ამ დიდ სიყვარულს არც ვიმსახურებდი. ისევ ოთარ ჭილაძის სიტყვები მიტივტივებს თავში: "წამსვლელი თვითონ დგება და მიდის, ზღვებსაც აცოფებთ ზედმეტი წვეთი". შეიძლება მეც ის ზედმეტი წვეთი ვიყავი, რომელიც შენი ზღვა სიყვარულის ღირსი არ იყო. კიდევ ერთხელ – მაპატიე!


 
სინიორათარიღი: შაბათი, 2015-03-14, 10:56 PM | შეტყობინება # 22
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
წერილი საყვარლის მეუღლეს

გამარჯობათ ლევან, მე თქვენი ცოლის საყვარელი ვარ... თქვენი ცოლის, რომელზეც თქვენ ამბობთ, რომ აკლია.
დიახ, გეთანხმებით, მეც ვამბობ, რომ მას აკლია, აკლია სითბო და ალერსი, ყურადღება და სიყვარული...

თქვენ, თქვენს ძმაკაცებთან ამბობთ, და არ გრცხვენიათ, რომ მას სცემთ.
იცით, მეც ვამბობ ჩემს ძმაკაცებთან, და არ მრცხვენია, რომ მას ვცემ, ძალიან დიდ პატივს ვცემ...

თქვენი ცოლი ჭკუიდან იშლება, რადგან თქვენ ყოველთვის მთვრალი ხართ.
ჰო, ჩემი სიმთვრალითაც იშლება ჭკუიდან თქვენი ცოლი, როცა მისი სიყვარულით ვთვრები, ნამდვილად ჭკუას ჰკარგავს...

ლევან თქვენ კვირაობით არ მიდიხართ თქვენს საკუთარ სახლში;
აქაც გეტყვით – სწორედ მაგ დროს მეც არ მივდივარ სახლში, ჩემს საკუთარ სახლში...

თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რას უყურებს ფანჯარასთან მდგარი თქვენი ცოლი კორპუსის მოპირდაპირე მხარეს, მაშინ, როცა თქვენ ვერაფერს ხედავთ.
მეც წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მიყურებს თქვენი ცოლი, როცა მეც ვერაფერს ვხედავ კორპუსის მოპირდაპირე მხრიდან...

ლევან, მას თქვენთვის არასოდეს უთქვამს, რომ შავ ვარდზე ჭკუას ჰკარგავს, არც ის, რომ დილით ბედნიერი იქნება, მწვანე ჩაის თუ მიართმევთ საწოლში, მერე კი შუბლზე კოცნით გააღვიძებთ.
იცით, მას არც ჩემთვის უთქვამს ეს ყველაფერი, თუმცა ყოველ დილით ვუმზადებ მწვანე ჩაის და მერე შუბლზე ვკოცნი. შავ ვარდს ქოთანში კი თქვენც შეამჩნევდით ალბათ...

ყველაფრის მიუხედავად, თქვენ გიხარიათ, რომ თქვენი ცოლი ფეხმძიმედაა;
იცით, მეც მიხარია, ყველაფრის მიუხედავად, რომ თქვენი ცოლი ფეხმძიმედაა...

მშვიდობით ლევან, მე თქვენი ცოლის საყვარელი ვარ...

როცა თქვენ ამ წერილს წაიკითხავთ, გონება გექნებათ დაკარგული სიმთვრალით, ყველაფერს დალეწავთ რაც ხელში მოგხვდებათ, წერილსაც დახევთ და თქვენი ცოლის საძებრად გაიქცევით, თუმცა, როგორც წესი, სანამ სახლამდე მიხვალთ, კარგა ხნით ადრე გამოფხიზლდებით და აღარაფერი გემახსოვრებათ...

ლევან, თქვენ არც კი იცით, რომ პიჯაკი, რომელიც ახლა თქვენ გაცვიათ, ძალიან ძვირადღირებულია, მე იგი ევროპაში მოგზაურობისას შევიძინე...

პატივისცემით გრაფი ვერცხლის ჩიბუხით


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2016-03-03, 10:06 PM | შეტყობინება # 23
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: კვირა, 2016-08-28, 8:33 PM | შეტყობინება # 24
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
შენახული ტკივილი

ერთმა პატარა ბიჭმა, ერთხელ დედას, მასწავლებლის წერილი მიუტანა, დედამ წერილი წაიკითხა და ცხარე ცრემლით ატირდა.
შემდეგ ბიჭს ეს წერილი ხმამაღლა წაუკითხა ,
” თქვენი შვილი გენიაა, ჩვენი სკოლის მასწავლებლები ვერ წვდებიან მის ცოდნას და ჩვენ მას შესაბამის განათლებას ვერ მივცემთ, ამიტომ თქვენ თვითონ მოხერხეთ მისთვის განათლების მიცემაო”.

გავიდა წლები. ეს ბიჭი იყო 20 საუკუნის გენიალური გამომგონებელი, თომას ედისონი.

ერთხელ ასაკში შესული ტომას ედისონი ოჯახის საბუთებისა და წერილების არქივში რაღაც დოკუმენტს ეძებდა, შემთხვევით წლების წინ, მასწავლებლის მიერ მოწერილ წერილს წააწყდა, რომელიც დედას საგულდაგულოდ ჰქონდა შენახული.ტომას ედისონმა გახსნა წერილი, და წაიკითხა, აი რა ეწერა იმ წერილში:

”თქვენი შვილი გონებრივად ძალიან ჩამორჩენილია, იგი ვერ მიჰყვება სხვა მოსწავლეების რიტმს და ვერაფერს ითვისებს, ჩვენი სკოლა მოკლებულია შესაძლებლობებს ასწავლოს ასეთ გონებაშეზღუდულ მოსწავლეს. გთხოვთ, თავად მიეცით მას შესაბამისი განათლება. სკოლის დირექცია”.
ტომას ედისონიც ისევე ცხარედ ატირდა, როგორც ტიროდა მრავალი წლის წინ დედამისი.

მოგვიანებით მან თავის დღიურში აღნიშნა:
” პატივი ეცით და დააფასეთ დედები, მათ ჩვენ ყოველთვის ვუყვარვართ, ისეთებიც კი, როგორებიც ვართ.
მე გონებაშეზღუდული ბავშვი ვიყავი, ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში მივაღწიე და რაც შევქმენი,
ჩემი გმირი დედის დამსახურებაა!, დედებს ყველაფერი შეუძლიათ!”


 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz