პარასკევი, 2025-06-27, 8:49 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ვუმღერ სამშობლოს!
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2013-03-05, 9:31 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline




 
სინიორათარიღი: კვირა, 2013-03-17, 9:07 PM | შეტყობინება # 31
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მრავალჟამიერ!

შენს ლურჯ მწვერვალებს, თოვლი რომ ფარავს,
თერგს და დარიალს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს შმაგ ჩანჩქერებს, მთებიდან ბარად
რომ იჩქარიან,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს მამაც გმირებს, - გზა საომარი
მხნედ რომ გალიეს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
თავისუფლების, შრომის და ბრძოლის
ძლიერ არმიებს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
რიონს და ჭოროხს, მტკვარსა და არაგვს -
მზიან-მთვარიანს,
ახალ მშენებლებს - დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
მოეფონება შრიალი ხეთა
მიწას გვალვიანს...
მშვიდობა, მარად მშვიდობა შენდა,
მრავალჟამიერ!
ზურგში თუ ფრონტზე გზა საომარი
ძლევით გალიე!
ჩემო სამშობლოვ, დიდება შენდა,
მრავალჟამიერ!


 
სინიორათარიღი: კვირა, 2013-03-17, 9:10 PM | შეტყობინება # 32
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


* * *

ჯარისკაცები... ჯარისკაცები...
ლეგა ბიჭები რკინის ჩოხებით,
შენი და ჩემი სახლიკაცები,
მოაბიჯებენ ლაღად დროშებით!


 
სინიორათარიღი: კვირა, 2013-03-17, 9:11 PM | შეტყობინება # 33
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ღმერთმა ჭირი გვაშოროს და
შოთას ფრესკა არვინ შალოს...
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან
არაფერი შეგეშალოს!

სხვამ არ თოხნოს ჩემი ყანა,
არც ჩონგური ჩემი თალოს...
მე ისეთი მგლები მყვანან,
ალგეთს მტერმა ვერ დათვალოს!

ალავერდში ვანთებ სანთელს,
იმ გმირების წასვლას ვნანობ, -
არტანუჯთან ვხვდები ხანძთელს,
რომ ფეხები ცრემლით ვბანო!

ბერი - თათრის ანაკუწი -
გვარიდებდა სისხლის კალოს...
ყველა დუშმანს, როგორც უწინ,
გზა თევდორემ გაუკვალოს!

ვინ აგაკრავს აწი ზეცას,
გორგასლანის დიდო ფარო?
აქ აბჯარი მთასაც ეცვა,
აქ თამარი დედოფალობს!

ღმერთმა ჭირი გვაშოროს და
შოთას ფრესკა არვინ შალოს...
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან
არაფერი შეგეშალოს!


 
სინიორათარიღი: კვირა, 2013-03-17, 9:15 PM | შეტყობინება # 34
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

დღეს საქართველოს მზე მაწევს ტვირთად!
მთვარე ანათებს გაცრეცილ ღამეს,
თუკი სამშობლო არ მერგო მზითვად.
მაშ ვარსკვლავები ცას რად მინათებს?

მე საქართველოს დარდი მკლავს გმირთა,
მოღალატეებს ჩვენ ვერ ვიწამებთ.
ჩემო სამშობლოვ! შენ ჩემო მიწავ!
შენთვის ვცოცხლობ და შენთვის ვიწამებ!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-03-27, 9:06 PM | შეტყობინება # 35
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მხოლოდ საქართველოში

მხოლოდ საქართველოში ეკამათებოდა ქართველი, მართლმადიდებელი მეფე მუსლიმ იმამებს მათივე რელიგიის დოგმების შესახებ. (დავით აღმაშენებელი)

მხოლოდ საქართველოში სწირავდა ადამიანი თავს საკუთარი მამის მკვლელის შვილისათვის (დავით ეჯიბი)

მხოლოდ საქართველოში მიაცილებდა დედოფალი ამალას ფეხშიშველი (თამარ მეფე)

მხოლოდ საქართველოში ამბობენ “შენი ჭირიმე”, “შენი კვნესამეს”

მხოლოდ საქართველოში ლოცულობენ მუსლიმი შიიტი და სუნიტები ერთად (თბილისის მეჩეთი)

მხოლოდ საქართველოში დადიოდნენ მეფეები გლახად გადაცმულნი. (გიორგი პირველი)

მხოლოდ საქართველოში ცხრებოდა აჯანყება ქალის პატივისცემის გამო. (ყუთლუ–არსლანი და ორი წარჩინებული ქალბატონი)

მხოლოდ საქართველოში და მხოლოდ ქართველი უწოდებს მცენარეს შვილივით ნაზარდს (ვაზო, შვილივით ნაზარდო…)

მხოლოდ საქართველოში უყვართ სიკვდილი („შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითა“ – ვაჟა).

მხოლოდ საქართველოში ზრდიდა დედა 9 ვაჟს და ბრძოლის ველზეც კი ამხნევებდა მათ (ცხრა ძმა ხერხეულიძე და მათი დედა – ელო).

მხოლოდ საქართველოში აქვს წვიმას სამოცზე მეტი სინონიმი (გარისობის სიტყვის კონის მიხ.)

მხოლოდ საქართველოში იზიარებდნენ ქართველი გმირები უდანაშაულო მეგობრების ბედს ნებაყოფლობით (ცოტნე დადიანის გმირობა.)

მხოლოდ საქართველოში ესალმებიან სოფელში ერთმანეთს სრულიად უცხონიც კი.

მხოლოდ საქართველოში და მხოლოდ საქართველოსთვის ეწამა ას ათასზე მეტი ადამიანი ერთ დღეს.

მხოლოდ საქართველოში წერდა წმინდანი მეფე სინანულით აღსავსე საგალობლებს. (დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“)

მხოლოდ საქართველოში იკლავდნენ თავს მეფის მესაფლავენი, რათა ვერავის შეერყვნა მისი საფლავი (თამარისა და მისი მესაფლავეების ამბავი)

მხოლოდ საქართველოში იზრდებოდა თავადის შვილი გლეხის ოჯახში...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-29, 6:41 PM | შეტყობინება # 36
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ბუნების ძალავ, შემომქმედო ყოვლისა!
შენ გაუთენე ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს ბედნიერი ხვალინდელი დღე, განკურნე ყოველგვარი სენისაგან!
დააშთე თვალი ყოველი მოშურნე მისი, საუკუნოდ დაგმანე ყური მსურველი და მსმენელი მისი სიავისა!
დალოცე აკვანი, ძუძუ და კალთა მისი მშობელი მიწისა!
გაავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი, ბეღელი პურით, მარანი ღვინით, ახორი საქონელით, კარია ფრინველით და გული!
გული სათნოებით!
ააჟრიამულე ეზო-კარი ყოველი მოსახლისა ბადიშებით, შვილებითა და შვილთაშვილებით!
დაუშრეტელ მდინარედ იდიდე ბედნიერებავ ჩემს ქვეყანაში!
არ მოუშალო გონიერი ერისკაცი და მწყემსი ჩემს სამშობლოს!
ნატვრის თვალი დაუდე ყოველ ღამით სასთუმალს, რათა დილით ადგეს, ნახოს და სამშობლოს უკდავება ინატროს!
მიიღე, უფალო, ეს ლოცვა!
ამინ!!!

სოფიკო ჭიაურელი




 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-29, 6:49 PM | შეტყობინება # 37
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

„იყო არაბეთს“... ო, ღმერთო!
რისთვის დასჭირდა ქარაგმა?
ვეფხვივით აულაგმავი,
ნეტავ რა ძალამ ალაგმა

და საქართველოს მაგიერ.
ისეთი რა შეეფეთა?
რამ ათქმევინა ქართველ კაცს:
„ინდოეთს შვიდთა მეფეთა“?!


 
თეკლათარიღი: შაბათი, 2013-06-08, 1:30 AM | შეტყობინება # 38
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
საქართველო...

განიერ ბეჭებზე მაწევს საქართველო,
ილიას, ვაჟას, აკაკის,
სულით არ დაეცე ოღონდაც ქართველო,
შვილი დასაკარგი სად არის.

განიერ ბეჭებზე მაწევს საქართველო,
დავითის, გიორგის, თამარის,
ხმალი აამღერე ოღონდაც არაგველო,
ხმალი ნამღერები ათასგზის.

განიერ ბეჭებზე მაწევს საქართველო,
დიდგორის, შამქორის,ნმარაბდის,
აღსდექი, აყვავდი მარად სანატრელო,
ნაჯიჯგნო თურქის თუ არაბის.

განიერ ბეჭებზე მაწევს საქართველო,
ილიას, ვაჟას, აკაკის,
სულით არ დაეცე ოღონდაც ქართველო,
შვილი დასაკარგი სად არის.

ქეთი ზვიადაური


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-10-17, 2:47 AM | შეტყობინება # 39
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ვიყოთ მისი ერთგული

ქართლ-კახეთად იმერეთად
სამეგრელოდ, გურიად
ვისაც ჩვენი გახლეჩა
ან გაყოფა სწყურია

ან ჭკვიანი მტერი არის,
ან უგნური მოყვარე,
ამიტომაც სადაც წავწვდი
ერთიანად მოვთხარე!

მიყვარს მტკვარი, მიყვარს ქსანი
ტეხურა და ენგური
მიყვარს ლილე, მიყვარს ლალე,
მიყვარს ჩელა მეგრული.

მაგრამ ყველას მირჩევნია
ერთ დიდ მუშტად შეკრული
რა თქმა უნდა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
ვიყოთ მისი ერთგული...


 
თეკლათარიღი: შაბათი, 2013-12-28, 3:12 AM | შეტყობინება # 40
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მე ქართველი ვარ!...

მე ქართველი ვარ და როგორც ყველას,
უსაზღვროდ მიყვარს ჩემი ქვეყანა,
კვლავ დამესიზმრა სამშობლოს გზებზე
სულ იები და ვარდი ეყარა...

ისევ მოვყვები საქართველოს გზებს,
არაგვზე თეთრი, სქელი ნისლია,
მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,
უასაქართველოდ არ შემიძლია...

საქართველოა ჩემი საუნჯე,
ჩემი ოცნება, ჩემი ხატება...
მე ქართველი ვარ ქართველთა მოდგმა
და ქართველობა მეამაყება!


 
ნანათარიღი: ოთხშაბათი, 2014-06-25, 10:54 AM | შეტყობინება # 41
რიგითი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 5
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დამბურძგლა

''როდესაც შეიტყო, გურჯისტანში ლაშქრობას ვაპირებდით, თვალები ნეტარებით მილულა და სასოებით, თითქოს ლოცვას ამბობსო, ჩაიმღერა:
`გურჯისტანი ტკბილია, როგორც იქაური ყურძნის მარცვალი. ნელ-ნელა უნდა დააჭირო კბილი და ისე გასრისო, რომ სისხლის ყოველ წვეთს გემო ჩაატანო...`
ომან ფაშამ ჩვენი გეგმა წვრილად უამბო და უთხრა, თუ რა რჩევა და თათბირი გვჭირდებოდა მისგან, ხოლო მე, საუბარი რომ პირდაპირ საჭირო საგნისკენ წარმემართა, ვკითხე, ამბობენ, გურჯებში მრავალი მოღალატის პოვნა შეიძლება, და თუ მართალია-მეთქი...

ამაზე ალი-მირზამ გაიღიმა და მომიგო-ბუნებით ყველა გურჯი მოღალატეა, ოღონდ ეგ არის, ზოგს ეძლევა ღალატის საშუალება და ზოგს არა. მერე დაუმატა,– მაგრამ, მოღალატესთან საქმის დაჭერას სიბრძნე სჭირდება, რადგან, ვინც მოყვარეს უღალატებს, ის მტერსაც უღალატებს, შენი მტრის მოღალატე ან უნდა მოკლა ან ძალიან დიდი ჯამაგირი გაუჩინო. ბრძენი იყო ალი-მირზა, თანაც გურჯებსა და გურჯისტანს, ჩანს, მართლა კარგად იცნობდა. შურიანები არიან, ერთიმეორის სიკეთე მოსვენებას უკარგავთ და, ვინც მათს ამ თვისებას ბრძნულად გამოიყენებს, როცა დასჭირდება, ერთმანეთს იოლად გადაჰკიდებს.
გურჯი უნდა აქო, თავი ისე უნდა მოაჩვენო, ვითომ შენ იმის ფერხთა მტვრად არა ღირხარ, გურჯი გულუბრყვილოა, თანაც გადამთიელის ნათქვამს ყოველთვის უფრო იოლად იჯერებს, ვიდრე თავისიანისას, ამიტომ სწრაფად მოგენდობა და შეუყვარდები, ხოლო რაკი შენ შეუყვარდები, საკუთარი ძმა შესძულდება, რადგან ერთი გურჯის გულში ორი სიყვარული ვერ ეტევა.
გურჯების უგუნურობა ყვეელაზე უკეთ მათს ამპარტავნობაში ჩანს; თავიანთ ურიცხვ ნაკლს ისე სასოებით მალავენ, თითქოს ერთი რამ ძვირფასი საგანძური იყოს; ყველაფერი შეიძლება გაპატიონ, მაგრამ მათი ნაკლი თუ შეამჩნიე, ამას არამც და არამც არ გაპატიებენ, ამიტომ თავი ისე დაიჭირეთ, ვითომ გურჯისთანა სრულქმნილი თქვენს დღეში არავინ გენახოთ; ამით ორ რამეს მიაღწევთ – მორჩილებაშიც გეყოლებათ და თავის უთვალავ ნაკლსაც ვერასოდეს მოიშორებს. ოქრო წაიღეთ გურჯისტანში... ბევრი ოქრო წაიღეთ, გურჯი ოქროს დახარბდება და მონად გაგიხდება, ხოლო რაკი მონად გაგიხდება, არც ოქროს დაკარგავ, რადგან შენი მონის ოქრო იგივე შენი ოქროა. გახსოვდეთ, მაძღარი გურჯი კარგი გურჯია, მაძღარ გურჯს ბრძოლა არ უყვარს, მაძღარ გურჯს მხართეძოზე წოლა და სლოკინი უყვარს.
მე სულთნის ლაშქარში მრავალი გურჯი მენახა, რომელთაც ომებში დიდად გაეთქვათ სახელი, ამიტომ ვკითხე, -ბრძოლა როგორი იციან? -ბრძოლა კარგი იციან, მაგრამ ისეთი არა, როგორც ღალატი, ღალატის ხელოვნებაში მაგათ ბადალი არა ჰყავთ, ისე კი, სხვის ლაშქარში უფრო მონდომებით იბრძვიან, ვინაიდან უცხოთა წინაშე თავის გამოჩენა უყვართ...

ალი-მირზას რჩევა ჭკუაში დაგვიჯდა, საიდუმლო სამზადისს მცირე რამ ჭუჭრუტანა დავუტანეთ და საიმედო მსტოვრების მეშვეობით უაღრესად ფრთხილად გავავრცელეთ ხმა, რომ სალაშქროდ ქართლს მივდიოდით. მართლაც მესამე საღამოს ერთი გურჯი გვეწვია და ომან ფაშას ნახვა ითხოვა. შესახედავად მშვენიერი ვაჟკაცი იყო, მაღალი, წარმოსადეგი, ლამაზი, მხარბეჭიანი. კეხიანი ცხვირი ჰქონდა, აზიდული წარბები და გრძელი ულვაშები. ამაყად შემოვიდა, დარდიმანდულად, ბეჭების რხევით. თავი ღირსებით დაუკრა ომან ფაშას, ფრიად საიდუმლო სალაპარაკო მაქვსო, უთხრა და თვალით ჩემზე ანიშნა. ომან ფაშა ისე შეხვდა, როგორც საპატიო სტუმარს, მაგრამ ისიც უთხრა, სულეიმანი ჩემი მარჯვენა ხელია და მისგან დამალული არაფერი მაქვსო.
გურჯს ეს მაინცდამაინც არ მოეწონა და მთელი საუბრის განმავლობაში დროდადრო ამრეზით გადმომხედავდა ხოლმე. სათქმელი კი პირდაპირ დაიწყო, მიუკიბავ-მოუკიბავად. -მე ვერავინ ვერაფერს გამომაპარებს, ვიცი, ქართლს მიდიხართ სალაშქროდ.

მე და ომან ფაშამ თავი მოვიკატუნეთ, ვითომ გურჯის ნათქვამი დიდად გაგვიკვირდა. გურჯმა რომ ეს შენიშნა, ეამა, გაიღიმა კიდეც და კმაყოფილმა დაგვიწყო დამშვიდება, -ნუ გეშინიათ, არავისთვის მითქვამს და არც ვაპირებ ვინმეს ვუთხრა, პირიქით, აქ იმისთვის მოვედი, რომ სამსახური გაგიწიოთ. ლუარსაბ მეფე მე თქვენზე ნაკლებ არ მეჯავრება, ადგილ-მამული წამართვა და, რომ არ გამომესწრო, თავსაც გამაგდებინებდა, ასე რომ, მეგობრად მიგულეთ, მაგრამ ერთი კი იცოდეთ, ეს საქმე არც ისე იოლია, თქვენ რომ გგონიათ, ლუარსაბი ახლა ღონიერია და თუ მოულოდნელად არ დაეცით, ვერაფერს დააკლებთ. პირველ რიგში მენაპირე ლაშქარი უნდა მოუსპოთ, ისე უნდა მოუსპოთ, რომ მეფეს ამბავი არ მიუვიდეს, მენაპირე ლაშქრის ადგილსამყოფელი კი ამჟამად ახალციხეში ჩემს გარდა არავინ იცის...
და გაჩუმდა... ომან ფაშამ ოქროთი სავსე ქისა აიღო, ხელში შეათამაშა და, ეს თუ იკმარებსო, ჰკითხა. გურჯი შეეცადა სიხარული დაემალა, მაგრამ ისე ვერ დამალა, როგორც ეწადა. თუმცა თავი მაინც ყოჩაღად დაიჭირა. ჩემი მიზანი შურისძიებაა და არა ოქროს შოვნაო, თქვა, ლუარსაბ მეფის წყალობით რომ შიშველ-ტიტველი და ცარიელ-ტარიელი არ გადმოვხვეწილიყავი ახალციხეში, მაგ ოქროს ხელსაც არ ვახლებდიო. მერე წვრილად, გასაგებად აგვიხსნა მენაპირე ლაშქრის ადგილსამყოფელი. როცა დაამთავრა, წამოდგა და ხელი ქისისკენ გაიწოდა.


შეტყობინება შეასწორა ნანა - ოთხშაბათი, 2014-06-25, 11:00 AM
 
ნანათარიღი: ოთხშაბათი, 2014-06-25, 10:55 AM | შეტყობინება # 42
რიგითი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 5
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
II

ომან ფაშა ჩემი გაზრდილი იყო! ქისა ზურგსუკან დამალა, თავი გაიქნია და ღიმილით უთხრა, ჯილდოს საზღვარზე მიიღებ, როცა მენაპირე ჯართან მიგვიყვანო. გურჯს თვალებში რისხვა გუკრთა, მაგრამ თავი შეიკავა და ესღა თქვა, გეტყობა, ქართველი კარგად ვერ გცნობია, თორემ ისიც გეცოდინებოდა, რომ ქართველის სიტყვა კლდესავით მტკიცეა!
მაინც ასე სჯობსო, მიუგო ომან ფაშამ და იმ გურჯსაც სხვა რა დარჩენოდა, დათანხმდა, თავი ცივი ღირსებით დაუკრა და ბეჭების უკმაყოფილო რხევით გავიდა... სალაშქროდ რომ ავიყარეთ და ახალციხიდან გავედით, ომან ფაშას ის გურჯი გვერდიდან არ მოუშორებია. ამჯერადაც ალი-მირზას რჩევას მივდიეთ და გურჯების ბანაკს ნაშუაღამევს მივადექით. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ალი-მირზამ იწინასწარმეტყველა: გურჯებს ღრმა ძილით ეძინათ... სანამ გამოფხიზლდებოდნენ და მიხვდებოდნენ რა რისხვა დაატყდათ თავს, საქმე უკვე მოთავებული გვქონდა... არავინ წაგვსვლია... უკლებლივ გავჟლიტეთ ყველანი ჩვენ კი სულ სამი კაცი მოგვიკლეს და ორიც მსუბუქად დაგვიჭრეს...დილამდე იქ დავრჩით... დილაუთენია ომან ფაშას ის ჩვენი გურჯი ეწვია. შემოვიდა მაღალი, ტანადი, ულვაშებაპრეხილი, დინჯად დაგვიკრა თავი და ომან ფაშას ნიშნისმოგებით უთხრა, -ახლა ხომ დარწმუნდი, რომ ქართველის სიტყვა სანდოა!-არც აქამდე მეპარებოდა ეჭვი... თავაზიანად მიუგო ომან ფაშამ.-აბა, მაშ მე ამას იქით აღარ გჭირდები და ახალციხეში დავბრუნდები...
ომან ფაშამ ქისა გაუწოდა. გურჯმა ქისა ჩამოართვა, კიდევ ერთხელ დაგვიკრა თავი ყველას დინჯად, ღირსებით, შეტრიალდა და წელში ამაყად გამართული, მხრების რხევით წავიდა. ახლა მხრებს უფრო ათამაშებდა, ვიდრე არხევდა. მანამდეც შემიმჩნევია, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, ამის შემდეგ კი საგანგებოდ ვაკვირდებოდი და დავრწმუნდი, რომ, როცა გურჯი მხრებს ასე არხევს და ათამაშებს, ეს იმის ნიშანია, რომ სინდისი სუფთა არა აქვს. ომან ფაშა ყოველგვარ იარაღს კარგად ხმარობდა, მაგრამ განსაკუთრებით დანის ტყორცნა ემარჯვებოდა. უყვარდა კიდეც. გურჯი სწორედ კარვის გასასვლელამდე იყო მისული...
ერთი შეკრთა და უცბად გაშეშდა. მხრების თამაშიც წამსვე შეწვიტა, ოდნავ აიზიდა, თითქოს ფეხის წვერებზე უნდა შედგესო. მცირე ხანს ასე იყო გახევებული, გეგონებოდათ, რაღაცაზე დაფიქრდაო. მერე ნელა შემოტრიალდა და განცვიფრებული მზერა ომან ფაშას მიაპყრო. ამ დროს მუხლებმაც უმტყუნეს. თითქოს პირქვე უნდა დამხობილიყო, მაგრამ უეცრად უკან გადაქანდა და მოწყვეტით დაეცა ზურგზე. ბეჭებში გარჭობილი დანა მკერდში გამოუვიდა.
`ჭეშმარიტად ბრძენია ალი-მირზა` თქვა ომან ფაშამ, მცველებს უხმო და გვამი გაატანინა, ქისა კი თავის თანაშემწეს გადასცა და უბრძანა ლაშქრისთვის დაერიგებინა...ორჯერ მოგვცა ნიშანი ყოვლადძლიერმა ალაჰმა. პირველი ნიშანი იმ ღამეს მოგვცა, მენაპირე ლაშქარი რომ გავწყვიტეთ, მაგრამ გამარჯვებამ ისე დაგვათრო და გაგვაბრუა, ვერ შევიტყეთ. თუ გულისყური მუდამ გამახვილებული არა გაქვს, ზეგარდმო ნიშანი ძნელი შესამჩნევია. ახალციხიდან ომან ფაშამ ორი მეგზური იახლა, რომლებიც ლუარსაბ-ხანის სამფლობელოს ზედმიწევნით კარგად იცნობდნენ. ერთი ქართლში ნაცხოვრები სპარსი იყო, მეორე კი ახალციხელი გურჯი. მენაპირე ლაშქართან ბრძოლაში, როდესაც სამი კაცი მოგვიკლეს, ამ სამიდან ერთი სწორედ ის სპარსი მეგზური იყო. რაკი მეორე მეგზურიც გვყავდა, მაშინ ამ ამბისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია და ალაჰის ნიშანი არ დაგვინახავს.
ადრიანად ავიყარეთ და გზა განვაგრძეთ. ორი სოფელი ისე გავიარეთ, ძეხორციელი არ შეგვხვედრია, ჩანს, მაცხოვრებლებმა შორიდანვე შეგვამჩნიეს და როგორც სჩვეოდათ, დიდიან-პატარიანად ტყეში გაიხიზნენ.
მეორე სოფელს რომ გავცდით, ალაჰმა კიდვ ერთი ნიშანი მოგვცა: გურჯი მეგზურიც დაიღუპა. ვიწრო თავდაღმართში, კლდიან და ქვიან ადგილას, მეგზურის ცხენს მოულოდნელად ფეხი აუსხლტა, წაიფორხილა, თავი ვეღარ შეიმაგრა, მოწყვეტით დაეცა და მხედარი ქვეშ მოიყოლა. ყველაფერი ეს თვალის დახამხამებაში მოხდა.
როცა რამდენიმე კაცი ჩამოქვეითდა და ცხენი რის ვაი-ვაგლახით გვერდზე გადაათრია, მეგზური უკვე მკვდარი ეგდო. ჩვენ ყველანი ლუარსაბ-ხანის მალე შეპყრობის იმედით ვიყავით დაბრმავებული და დაყრუებულები, თორემ ეს მეორე ნიშანი იმდენად ცხადი და მკაფიო იყო, ბავშვიც კი მიხვდებოდა. ომან ფაშამ ლაშქარი შეაყენა, დიდებულები მიგვიხმო და რჩევა გვკითხა. გადავწყვიტეთ, ჯერჯერობით გზა გაგვეგრძელებინა, პირველსავე სოფელს დავცემოდით და ახალი მეგზური გაგვეჩინა. ის იყო, თათბირს მოვრჩით და ომან ფაშას ლაშქრისთვის დაძვრის ნიშანი უნდა მიეცა, ქვემოთ, ცოტა მოშორებით, სადაც მოსახვევი იწყებოდა, ფლოქვების ხმა მოგვესმა. ომან ფაშამ სიჩუმე ბრძანა...
რაღაც უამური რომ ვიგრძენი, მაშინვე მივხვდი, მაგრამ რისგან იყო, ვერ გავიგე და ჩემდა საუბედუროდ, არც შემიწუხებია თავი, რომ გამეგო. მხოლოდ მერე, – ვაგლახ, გვიანღა – მომაგონდა, რომ ხმა უცნაური მეჩვენა, მოგუდული, უცხო, შორეული, თითქოს სადღაც ვიღაცის ვეება გული გამალებით სცემდა.


შეტყობინება შეასწორა ნანა - ოთხშაბათი, 2014-06-25, 11:00 AM
 
ნანათარიღი: ოთხშაბათი, 2014-06-25, 10:56 AM | შეტყობინება # 43
რიგითი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 5
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
III
მცირე ხნის შემდეგ მოსახვევში ჯორზე ამხედრებული მღვდელი გამოჩნდა...
თავი ჩაეკიდა და ისე ჩაფლულიყო ფიქრებში, სანამ ჩვენს დანახვაზე ჯორი მოწყვეტით არ შედგა, არაფერი გაუგია. ჯორი რომ შედგა, მაშინღა აიღო თავი. ოცდათხუთმეტი წლისა თუ იქნებოდა, მრგვალი პირისახე ჰქონდა, ქერა თმა-წვერი და თაფლისფერი თვალები. ამოდენა ლაშქარი რომ დაინახა, ფერი დაკარგა, წამით შეტრიალება და გაქცევა დააპირა, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რომ ვერსად წაგვივიდოდა, და გადაიფიქრა.
იჯდა ჯორზე გახევებული და უაზროდ შემოგვცქეროდა. ჩვენ ჩვენი სიბრმავითა და სიბრიყვით ამ მღვდლის გამოჩენა მივიღეთ ალაჰის ნიშნად: მართლაცდა, წუთის წინ მეგზური დავკარგეთ და ვერც კი მოვასწარით საგონებელს მივცემოდით, რომ ახალი მეგზური თავისი ფეხით გვეახლა.
სხვა რაღა გვინდოდა? `ალაჰი დიდია და მწყალობელი, – თქვა ომან ფაშამ, – აქ მომგვარეთ ეგ გურჯი!` ორი მებრძოლი წამსვე ჩამოქვეითდა, მღვდელი ჯორიდან ჩამოსვა და ომან ფაშას წინ დაუყენა. მღვდელი შიშისაგან წამხდარი იყო და თვალებს დაფეთებული აცეცებდა. ომან ფაშამ გაუღიმა და უთხრა: `შენი თავი ალაჰმა გამომიგზავნა, გურჯო`.
როდესაც გურჯთა ენის მცოდნემ ომან ფაშას სიტყვები მის ენაზე უთხრა მღვდელს, იმან ჯერ ომან ფაშას შეხედა, წამსვე ისევ აარიდა თვალი, აკანკალებული ხელი ასწია და პირჯვარი გამოისახა. `ნუ გეშინია, არას გერჩი, – დაყვავებით უთხრა ომან ფაშამ, – ოღონდ, რასაც გიბრძანებ, ის უნდა შეასრულო...`
მღვდელი ისე იყო გონებაარეული, ომან ფაშას დაპირება, ეტყობა, ვერც კი გაიგო. `ხომ იცი, ლუარსაბ-ხანი სად იმყოფება?` – ჰკითხა ომან ფაშამ. მღვდელი, როგორც იქნა, გონს მოეგო, თვალებში აზრის ნატამალი გაუკრთა... მიხვდა, რას ეკითხებოდნენ და უარის ნიშნად თავი გაიქნია, არ ვიციო.
მაშინ ომან ფაშამ ის სოფელი უხსენა, რომლის სახელი მაშინ ვიცოდი და მერე დამავიწყდა, და ჰკითხა, ეს სოფელი ხომ იცი სადააო. მღვდელმა ჯერ ომან ფაშას შეხედა, მერე მე შემომხედა, მერე სხვა დიდებულებს მოავლო თვალი, თითქოს რაღაცის გაგებას ლამობსო. ბოლოს თავი დაიქნია, -ვიცი... -ძალიან კარგი, – თქვა ომან ფაშამ და ბრძანა, – მოჰგვარეთ ჯორი! ბრძანება რომ შეასრულეს, ისევ მღვდელს მიუბრუნდა, – აბა, შეჯექი ჯორზე, გაგვიძეხ და პირდაპირ მაგ სოფელში მიგვიყვანე! მღვდელი ახლა ისე აღარ კანკალებდა, მაგრამ ჩუმად იყო და მაშინ ვერ მივხვდით, ყოყმანობდა თუ სხვა რამეს ფიქრობდა.
მღვდლის სიჩუმეზე ომან ფაშა, ცოტა არ იყოს, გაწყრა და ხმაში სუსხი გამოურია: -ვერ გაიგე, გურჯო, რა გითხარი?! – მერე ისევ დაუწია ხმას და ტკბილად განაგრძო, –თუ გაგვიძღვები და ლუარსაბ-ხანთან მიგვიყვან, სიცოცხლეს გაჩუქებ და სართად ერთ ქისა ოქროსაც დაგიმატებ, თუ არა და დაუყოვნებლივ მოკვდები, ლუარსაბ-ხანის ადგილსამყოფელს კი უშენოდაც იოლად მივაგნებთ!
როდესაც ეს სიტყვები გურჯთა ენაზე უთარგმნეს, მღვდელმა ომან ფაშას შეხედა და თვალებში წამით რაღაც ნაპერწკალი გაუკრთა... მე ეს ნაპერწკალი ოქროს ხსენებას მივაწერე და გულში გამეცინა. მღვდელმა კი, უკვე თითქმის სრულიად დამშვიდებულმა, ომან ფაშას შემდეგი უთხრა:
-მე მაშინ მოვკვდები, როცა უფალი ჩემი ღმერთი იესო ქრისტე ინებებს... და კვლავ პირჯვარი გამოისახა. ჩემი ვარაუდით მღვდელი ვაჭრობას აპირებდა, რათა, რაც შეიძლება, მეტი ოქრო დაეცინცლა ჩვენთვის, მაგრამ მისმა ყბედობამ ომან ფაშა რისხვით აავსო. სწრაფად გადაიხარა ცხენიდან, მღვდელს წვერში წაავლო ხელი, თავი აუწია, თვალებში ჩახედა და კბილთა ღრჭენით უთხრა: -ახლა მე ვარ შენი ღმერთი და შენი სული ჩემს ხელთაა! ამ სიტყვებით მისი წვერი ერთი მძლავრად შეანჯღრია, მერე თავი კიდევ უფრო მაღლა აუწია და, როცა მღვდელს ყელის ძარღვები დაეჭიმა, თვალები გადმოეკარკლა და სუნთქვა შეეკრა, მაშინღა გაუშვა. -აბა, შეჯექი ჯორზე და გაგვიძეხ!
მღვდელს ხველება აუვარდა და ტკივილისაგან ერთხანს ხმა ვეღარ ამოიღო, ბოლოს, როგორც იქნა, ყელი ჩაიწმინდა და თქვა: -მეფის ღალატს მე ჩემი ნებით ვერ გავბედავ. უნდა ვილოცო და ჩემს მაცხოვარ იესო ქრისტეს დავეკითხო. თუ დასტურს მომცემს, გაგიძღვებით, თუ უარს მეტყვის, ვერ გაგიძღვებით.
მე ვიცოდი, რომ მრისხანების ჟამს ომან ფაშას შეიძლებოდა გონება ამღვრეოდა და ისეთი რამ ჩაედინა, რაც მერე სანანებელი გაგვიხდებოდა, ამიტომ სწრაფად ამოვუდექი გვერდით და სწორედ იმ წამს, რა წამსაც დანა იძრო, ვუთხარი: -ნუ აჩქარდები, დიდო სარდალო. დაე, ილოცოს და დაეკითხოს თავის იესო ქრისტეს. მაგას ლოცვა იმისთვის სჭირდება, რომ ღალატი ღმერთს გადააბრალოს და ოქრო ისე იშოვოს, სინდისმა არ შეაწუხოს. ომან ფაშას, როგორც სჩვეოდა, სიბრაზემ უცბადვე გაუარა და მღვდელს მიუბრუნდა: -ნება მომიცია, გურჯო. ილოცე და დაეკითხე შენს ღმერთს. ისიც უთხარი, ომან ფაშას ასე სწადია-თქო, უფრო იოლად გამოსტყუებ დასტურს!


შეტყობინება შეასწორა ნანა - ოთხშაბათი, 2014-06-25, 11:00 AM
 
ნანათარიღი: ოთხშაბათი, 2014-06-25, 10:59 AM | შეტყობინება # 44
რიგითი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 5
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
IV
ამ სიტყვებმა ლაშქარში მხიარული სიცილი გამოიწვია. ეეჰ, მაშინ ჯერ კიდევ ვიყავით ოხუნჯობის გუნებაზე... მღვდელი რამდენიმე ნაბიჯზე გაგვშორდა, პირი აღმოსავლეთით ქნა, დაიჩოქა, თვალები მაღლა აღაპყრო და გაუგებარ ბუტბუტს მოჰყვა. ვიწრო ხეობაში ვიდექით, ქვიან, ოღრო-ჩოღრო გზაზე. შუადღე იყო და უმოწყალოდ ცხელოდა. გზას ორსავ მხარეს კლდოვანი ბექობი მისდევდა, რომლის თავზე მაღალი, ხშირი ტყე იწყებოდა.
სიჩუმე იდგა და ირგვლივ არაფერი მოძრაობდა, მხოლოდ ხვლიკი თუ გაისრიალებდა დროდადრო მზისგან გახურებულ ბექობზე. მღვდელმა ბუტბუტი მალე შეწყვიტა, მაგრამ კიდევ დიდხანს იდგა მუხლებზე, გაშეშებული და ზეცისკენ თვალებაპყრობილი, ბოლოს წამოდგა და მოტრიალდა. სახე უელავდა და თვალებიდან თითქოს სხივებს აფრქვევდა. მე ეს მაინცდამაინც არ გამკვირვებია. მართალია, ამ დამფრთხალი ქრისტიანი მღვდლისაგან ცოტა მოულოდნელი კი მეჩვენა, მაგრამ, საერთოდ, ვიცი, ჩემს თავზეც გამომიცდია და სხვებისთვისაც შემიმჩნევია, რომ ღრმა და გულწრფელი ლოცვის დროს, როცა თვალის მაგიერ სულით იხედები, კაცს ასეთი რამ ზოგჯერ გემართება. მღვდელი ომან ფაშასკენ წამოვიდა. ახლა სავსებით დამშვიდებული იყო და შიშისა აღარაფერი ეტყობოდა.
მივიდა ომან ფაშასთან და უთხრა: -უფალმა ჩემმა ღმერთმა იესო ქრისტემ, კურთხეულ იყოს მისი სახელი, შენი მორჩილება და სამსახური მიბრძანა... -საუცხოო ღმერთი გყოლია, გურჯო. მაშ, დროს ნუღარ დავკარგავთ, შეჯექი ჯორზე და გაგვიძეხ, შორია მაგ სოფლამდე? -მოკლე გზით თუ წავალთ, დაღამებამდე მივაღწევთ, – მიუგო მღვდელმა, – ოღონდ სავალი ძნელია. -ალაჰის ლაშქარს გზის სიძნელე ვერ შეაშინებს, – უთხრა ომან ფაშამ, – მოკლე გზით გაგვიძეხ! სავალი მართლა ძნელი გამოდგა, სულ კლდე-ღრეებით, დაბურული ტყეებითა და დახრამული, ვიწრო ხეობებით ვიარეთ. მღვდელი წინ მიგვიძღოდა, ჩვენ უკან მივყვებოდით. საშუალო ტანის კაცი იყო, ოდნავ წახრილი იჯდა ჯორზე, თავი ჩაეკიდა და ეტყობოდა ღრმა საფიქრალს მისცემოდა...
უკან არც ერთხელ არ მოუხედავს. მიდიოდა უხმოდ და, რაზე ფიქრობდა, არავინ იცის. მხოლოდ ერთხელ აიღო თავი... მაღალი ბუჩქების ტევრში მივდიოდით. არც მანამ და არც მერე სხვაგან ისეთი ბუჩქები არსად შემხვედრია.
დიდრონი ყვავილები ჰქონდა, თეთრი და სქელფურცლიანი. მღვდელმა თავი აიღო, გადაიხარა, ერთი ყვავილი მოწყვიტა, ცოტა ხანს უცქირა და უბეში ჩაიდო. რად უნდოდა, არ ვიცი.
მერე ისევ ჩაჰკიდა თავი და გზა განაგრძო. დიდხანს ვიარეთ. ხალხიც დაიღალა და ცხენებიც, მაგრამ დასვენება არც გვიფიქრია. იმის იმედით, რომ მალე მიზანს მივაღწევდით, სადაც გამარჯვებაც გველოდა, სასმელ-საჭმელიც და განცხრომაც, დაღლილობას იოლად ვიტანდით.
მზე უკვე ჩადიოდა, როცა იმ დაწყევლილ ადგილს მივაღწიეთ. ვიწრო ხეობას გავცდით, ფერდობს შევუყევით და ერთ ვეება, შიშველსა და ციცაბო, მომწვანო-მონაცრისფრო კლდეს მივადექით, რომელიც დიდ მანძილზე იყო გადაჭიმული და ქონგურებივით ჩაკბეჩილი წვერით ბოლოვდებოდა. კლდეს ორსავ მხარეს დაბურული, გაუვალი ტყე ერტყა. ჩამავალი მზის სხივებში გახვეული კლდე უცხოდ ბრწყინავდა. წინ გასასვლელი არსად ჩანდა, მაგრამ ბედისწერის ხელი მაშინ ჯერ კიდევ არ დამინახავს, ვიფიქრე, ტყე-ტყე იქნება სადმე ბილიკი და ვერ ვამჩნევ-მეთქი. მღვდელმა ფერდობი აათავა, ჯორი ზედ კლდის ძირას შეაყენა, ჩამოხდა და ჩვენკენ მოტრიალდა. ჩვენც შევდექით.

ლაშქარიც შედგა. კლდე რაღაც უცხო ბრჭყვიალებით ირეკლავდა დაცემულ სხივებს, სხვადასხვა ფერის ათინათი თვალისმომჭრელად ირეოდა ერთმანეთში და ო, ალაჰ! წამით მომეჩვენა, თითქოს მზის მეწამულ შუქში გახვეული მღვდელი თავადაც მზესავით აფრქვევდა სხივებს. მე თვალი დავხუჭე და თავი გავიქნიე, რათა ეს უცნაური და შიშისმომგვრელი ხილვა მომეშორებინა. ამ დროს მღვდელმა პირჯვარი გადაიწერა და წყნარი, ნაღვლიანი ხმით თქვა: -მოვედით... ომან ფაშამ, რომელიც აქამდე ცოტა გაკვირვებული შესცქეროდა მღვდელს, ახლა კითხვის თვალი გურჯთა ენის მცოდნეს მიაპყრო. როცა გაიგო, რა თქვა მღვდელმა, ისევ მიუბრუნდა. -მოვედით? – ჰკითხა და ჯერ ერთ მხარეს შეათვალიერა ტყე, მერე მეორე მხარეს.
ბოლოს კლდეს ააყოლა თვალი, თითქოს გადაღმა გადახედვას ლამობსო, და თითით ჰაერში რკალი მოავლო, –აქ არის სოფელი?–არა.. ისევ ისე წყნარად და ნაღვლიანად თქვა მღვდელმა. სახე მშვიდი და უძრავი ჰქონდა. –არა? – განცვიფრებით გაიმეორა ომან ფაშამ, – მაშ, სად მოვედით? სოფელი სადაა?–სოფელი შორსაა, – მიუგო მღვდელმა, –უფალმა ჩემმა ღმერთმა იესო ქრისტემ, კურთხეულ იყოს მისი სახელი, ამ სიტყვებით კიდევ ერთხელ გადაიწერა პირჯვარი, – აქ მიბრძანა შენი მოყვანა... წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ომან ფაშამ ელვის უსწრაფესად ისკუპა ცხენიდან, ორი ნახტომით გაჩნდა მღვდელთან და საკინძეში ჩაავლო ხელი. –რას ამბობ, გურჯო?! ძლივს გამოცრა მოკუმული ტუჩებიდან. მღვდელი ჩუმად გასცქეროდა სივრცეს.
 
ნანათარიღი: ოთხშაბათი, 2014-06-25, 10:59 AM | შეტყობინება # 45
რიგითი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 5
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
V
მაშინ ომან ფაშამ მძლავრად შეანჯღრია. ხოლო იმ დროს, როცა მე კვლავ მკაფიოდ დავინახე, თუ როგორ აფრქვევდა სხივებს მღვდლის მზესავით მოელვარე სახე, და თვალი დავხუჭე, რათა ეს საშინელი ხილვა წეღანდელივით მომეშორებინა, გვერდით ისმაილ ფაშას შემკრთალი ხმა მომესმა: –დიდება ალაჰს! თვალი მატყუებს თუ ეს გურჯი?!ისმაილ ფაშას სიტყვა არ დაუსრულებია, ისე გაჩუმდა, თითქოს ხმა ჩაუწყდაო. თვალი რომ გავახილე და მისკენ მივიხედე, დავინახე, რომ განცვიფრებითა და შეძრწუნებით მისჩერებოდა მღვდელს. ომან ფაშა კი მღვდელს მთელი ძალით ანჯღრევდა და უკვე ყვირილით ეკითხებოდა: –სოფელი სად არის, გურჯო?! მღვდელი ხმას არ იღებდა. მაშინ ომან ფაშა ყელში ეცა, ორივე ხელი წაუჭირა, მერე ისევ გაუშვა და უეცრად მუხლებზე დაეცა. –მითხარი, გურჯო, სად არის სოფელი. ხომ ხედავ, მუხლმოყრილი გემუდარები! ომან ფაშა, გურჯო, მუხლმოყრილი გემუდარება! ოღონდ აქედან გაგვიყვანე და ლუარსაბ-ხანის სამყოფელი გვაჩვენე, თუ გინდა, ნუ წამოგვყვები, ისე გვასწავლე სად არის, ოღონდ გვასწავლე და რაც გინდა მთხოვე... მზე ჩადიოდა და მიწა თანდათან ჩრდილში ეხვეოდა.
ფერდობს ჩრდილი ეფინა, ლაშქარი ჩრდილში იდგა, ჩვენც ჩრდილში ვიდექით, ომან ფაშაც ჩრდილში იდგა მუხლებზე. სხივები მაღლა-მაღლა მიიწევდა და მღვდელსაც ნელ-ნელა ჩრდილი ეფინებოდა, მზე ახლა მხოლოდ მის პირისახესა და წაბლისფერ თმა-წვერს ანათებდა. –მუხლებს დაგიკოცნი, გურჯო! ევედრებოდა ომან ფაშა, – ოღონდ აქედან გაგვიყვანე! მღვდელი დუმდა... –გურჯო... – კიდევ ერთხელ სასოებით თქვა ომან ფაშამ და უეცრად საშინლად დაიღრიალა, – გურჯო! ზეზე წამოვარდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, შეანჯღრია, მერე ფრჩხილებით ჩააფრინდა ლოყებში და ხორცი ჩამოაფლითა. მღვდლის ლოყებზე სისხლის ნაკადულებმა იწყეს დენა. –გაგვიძღვები თუ არა?! გვასწავლი თუ არა გზას?! მღვდელი არც იძვროდა და არც ხმას იღებდა.
 
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz