ჩემი კეთილი იმედის კონცხი...
დალი ყარაულაშვილი
ნეტავ... ნეტავ შენი პერანგის ღილად გადამაქცია, ღვინო გავხდე წითელი, ჭიქაში ჩამაქცია, ამიღებდი, დამლევდი, სულში ჩაგეღვრებოდი, ჩემით დათვრებოდი და ფეხზე ვერ დადგებოდი. ნეტავ შენი სარკმელის ფარდა ვიყო, შრიალა, ნეტავ შენი კარების ზარი ვიყო, წკრიალა. ნეტავ ვიყო მე შენი დარდი, ჯავრი, ფიქრები, შენი ბინის მტვრად ვიქცე, ბედნიერი ვიქნები... ნეტავ შენი ოთახის ნივთად გადამაქცია, ნეტავ შენი ოცნების ქალბატონად მაქცია! რომ შემეძლოს... რომ შემეძლოს ჩაგაცმევდი სხეულზე დავით აღმაშენებლის ჩოხას, რომ შემეძლოს ღრუბლებს ჩამოგიხსნიდი და მიწაზე გაგიგებდი ნოხად. რომ შემეძლოს შენ პირველს დაგადგამდი საქართველოს მეფის გვირგვინს თავზე, რომ შემეძლოს მზეს და მთვარეს, ძვირფასო, მარტო შენთვის ავანთებდი ცაზე... რომ შემეძლოს, დიდ ხელმწიფედ გაგხდიდი, ტახტი, კვერთხი, გვირგვინი რომ შვენის, მერე ალბათ თავს მდაბლად დაგიკრავდი და მოახლე გავხდებოდი შენი. მაგრამ ღმერთმა არა მშობა ჯადოქრად, ეს სურვილი მაწამებს და მაწვალებს, გამაჩინეს ერთ პატარა გოგოდ და მხოლოდ დიდი სიყვარული მასწავლეს! მე ისევ უზომოდ მენატრები მე ისევ უზომოდ მენატრები, იქნებ ვარ ჭკუიდან გადასული, გრძნობების ზღაპარი იქ დაიწყო, სადაც რომ მეგონა დასასრული. მინდა, რომ ბავშვივით მოვისმინო, შენი გაკიცხვა და შენიშვნები, ზამთარს გავიტან და გაზაფხულზე მე ისევ ხელახლა შევიშლები. და სული ხელახლა ამღერდება, საკრავის ნაღვლიან კლავიშივით, მუზების ხელმწიფეს მივაკითხავ, შენზე მეოცნებე ქალიშვილი. *** იქნებ გგონია, რომ დავბრუნდები, დამსხვრეულ გრძნობებს ჩავთვლი ვარგისად, არ მითხრა ახლა, რომ მოგენატრა, იის სურნელი ჩემი კაბისა. იქნებ გგონია, რომ დავბრუნდები და ბავშვურ თვალებს შემოგანათებ, არა, ძვირფასო, გრძნობა თა გაჰყვა, იმ ნაკუწებად ქცეულ ბარათებს. გული დამტვერილ საფერფლედ იქცა, ფერფლს ცეცხლად ვეღარ აქცევ მეორედ, სხვას შევიყვარებ, ოღონდ თავიდან, შენ ვეღარასდროს გაგიმეორებ! *** შემოდგომის ნაღველს გაჰყვა, ყვავილების ფარჩა, ოცნება და იმედები ბავშვობაში დამრჩა, სულში ზამთრის სუსხი ჩადგა, სევდამ დაიბუდა, ჩვენ ორივეს რომ გვიყვარდა, ის ხე გაიბუტა... აღარ მივქრი, აღარ მივდევ იმ ოცნებებს ფრთამალს, რომ დარეკო, ვეღარ მიცნობ, სევდიანი ხმა მაქვს. სულში ზამთრის სუსხი ჩადგა, დათარეშობს ქარი, შენზე ყველა მოგონებას ჩავურაზე კარი... შემოდგომის ნაღველს გაჰყვა, ყვავილების ფარჩა, ის პირველი სიყვარული ბავშვობაში დამრჩა!... როგორ მჭირდები ასე ამაყი როგორ მჭირდები ასე ამაყი, ასე სათუთი, მშვიდი თვალებით, გახსოვს საღამო? მთვარე კვდებოდა, კვდებოდა ჩუმი გარდაცვალებით. მინდა მოგენდო, როგორც ცას ჩიტი, როგორც მდინარეს ნაკადულები, ვიცი, მაჯობე ამ სიყვარულში, მაგრამ ჯიუტად გედიდგულები. და თუნდაც მქონდეს ყალბი იმედი, შემოვალ შენში ზეცის ფერებით, მე მინდა ვიგრძნო დიდი სინაზე და სიძლიერე შენი ხელების. როგორ მჭირდები ასე ამაყი, ასე სათუთი, მშვიდი თვალებით, გახსოვს საღამო? მთვარე კვდებოდა, კვდებოდა ჩუმი გარდაცვალებით. ჩემი სიყვარული ამაყია ჩემი სიყვარული ამაყია, იგი მოწყალებას არ გთხოვს, შენი მოგონება ჰყოფნის, შენი თვალთა სხივი ათბობს. შემი სიყვარული ამაყია, მას ვერ დააჩოქებს დარდი, ქვეყნად არაფერი აბადია, თოვლში ფეხშიშველი დადის. ჩემი სიყვარული ამაყია, თავს არ მოგაბეზრებს, გწამდეს, ბევრი უხეშობა გაპატია, კიდევ გაპატიებს რამდენს... ჩემი სიყვარული ამაყია, იგი მართალია ცამდის, ქარმა გამოსტაცა, დაუფურცლა, შენი ნაჩუქარი ვარდი. ამ ჩემს სიყვარულზე გადიარა, დაცინვამ წუთისოფლის, მაინც ჩემი გრძნობა ამაყია, მარტო მოლოდინი ჰყოფნის! *** ეს მერამდენე ღამეა უკვე, მე შენ სიზმრებში გხედავ ზედიზედ, ვიცი, შეგხვდები სიზმრების შემდეგ, ჩემი ცხოვრების გზაჯვარედინზე. და გეტყვი: როგორც იქნა მოვედი, იმ სიზმრებიდან ცხადში დავეშვი, შემოგხვევ ყელზე ორივე ხელს და თან გაგიტაცებ, ზღაპრის მხარეში. ძლივს მოვაღწიე, გეტყვი, შენამდე, ათასი ღამე გამოვიარე, ათას ეკალმა დაკაწრა სული და ვილოცავდი მერე იარებს. ათას ტკივილმა გააღო პირი, ახლა მადლობას ვწირავ ღვთისმშობელს, რომ როგორც იქნა მოგიახლოვდი და შევამოკლე შენი სიშორე. ეს მერამდენე ღამეა უკვე, მე შენ სიზმრებში გხედავ ზედიზედ, ვიცი, შეგხვდები სიზმრების შემდეგ, ჩემი ცხოვრების გზაჯვარედინზე. ბოშა ქალი ფეხშიშველა, შავთვალება ბოშა ქალმა, ხელის გულზე მიმკითხავა გუშინ, გამიღიმა, დაეხატა პირზე მთვარე, უყვარხარო, ჩამჩურჩულა ყურში... იმედს ჰყიდის შავთვალება ბოშა ქალი, უწყინარი, მხიარული ქალი, მის ვნებიან ტუჩებს ზემოთ უცნობ მხატვარს, ვარსკვლავივით დაგდია ხალი. ფეხშიშველი, ხალიანი ბოშა ქალი, დანავარდობს, ეფერება ქუჩებს, ეზო – ეზო ნიავივით დაცქრიალებს, ჭორაობით ირთობს ციდა ტუჩებს. შავთვალება, უშიშარი ბოშა ქალი, დიდ იმედებს სამ მანეთად ჰყიდის, ერთი ტკბილი სიტყვით ძალუძს გაამთელოს ჩატეხილი ოცნებების ხიდი... მიმკითხავე... მომატყუე ბოშა ქალო, მე ლამაზი ტყუილების მჯერა, დე, ლამაზმა ტყუილებმა გამახარონ, ასეთია ჩემი ბედისწერა. ფეხშიშველა, ხალიანმა ბოშა ქალმა, ხელის გულზე მიმკითხავა გუშინ, გამიღიმა, პირზე მთვარე დაეხატა, უყვარხარო, ჩამჩურჩულა ყურში.
კატეგორია: ჩემი კეთილი იმედის კონცხი... | დაამატა: სინიორა (2013-04-02)
ნანახია: 1526 |
| რეიტინგი: 5.0 /1
სულ კომენტარები: 2
Comments display order:
By default
New comments first
Old comments first
0
ძვირფასო ქალბატონო! თქვენ ჩემი ბავშვობის საყვარელი პოეტი ხართ, თქვენი პოეზია მილამაზებდა სტუდენტობის მხიარულ დროს, გმადლობთ, ასეთი ლამაზი ლექსებისათვის.
პატივისცემით "სინიორა"
1
დალი ყარაულაშვილი
(2015-06-02 12:32 PM)
1
ბედნიერი ვარ ჩემი ბავშვობის ლექსბს ინტერნეტში რომ წავაწყდი. მიხარია ამდენი მკითხველი რომ ჰყავს. დიდი მადლობა!
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 9
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0