შაბათი, 2025-06-28, 6:08 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

საიტის ასაკი
***

ჩემი კეთილი იმედის კონცხი...

მთავარი » სტატიები » ჩემი კეთილი იმედის კონცხი...

ალექსანდრე ტაბატაძე


***

ისე ახლოს ხარ
მკლავები რომ გამოგიწვდინო
ალბათ მოგწვდები...
ისე შორსა ხარ,
როგორც ვარსკვლავი შორეული
ჩემი ოცნების.

ისე ახლოს ხარ,
რომ დაგიძახო, გაიგონებ
ჩემს ხმას განწირულს,
ისე შორსა ხარ,
ისე გეძებ, როგორც თეთრ ხომალდს
ზღვაში ჩაძირულს.

ისე ახლოს ხარ,
გორიჯვრის ქარს შენი სუნთქვაც კი
მოაქვს ჩემამდე,
ისე შორსა ხარ,
თითქოს გნახე მომავალ დროში,
ან ჩვენს ერამდე...




შემთხვევა ქუჩაში

ქუჩას მოსდევდა ლამაზი გოგო
და ცალი ხელით ვარდი მოჰქონდა,
ისეთი იყო, აგიხსნათ როგორ,
მოგონილია მასთან ჯოკონდა.

გაქვავებული ბიჭები იდგნენ
და ქანდაკებებს ჰგავდნენ ყველანი,
ვერ პოულობდნენ პირველად სიტყვებს,
ხმას ვერ იღებდა დიდხანს ვერავინ...

და როდის - როდის ერთმა მათგანმა,
იმ გაქვავებულ ყმაწვილებს შორის,
ძლივს ამოღერღა ყველას სათქმელი:
"ჩემს მტერს, ასეთი ლამაზი ცოლი!"




ბედნიერი წუთი

უცხო გამვლელი
შენ მგონიხარ ქუჩაში ზოგჯერ,
ქარვისფერი თმით,
სიარულით და სუსტი მხრებით,
მოვარღვევ ქუჩას,
მდევარივით ფეხდაფეხ მოგდევ,
მაგრამ სულ მალე
ჩემს ოცნებას ემსხვრევა ფრთები.

მაინც არ ვნანობ,
იმ ვიღაცას მადლობას ვუთვლი,
ღმერთმა ქნას,
ასე განმეორდეს კიდევ და კიდევ,
რადგანაც ჩემთვის
ბედნიერად ითვლება წუთიც,
როცა შეცდომით
შენს მაგივრად ვიღაცას მივდევ!




* * *

შენ ისე ნატრობ თოვლსა და ბარდნას,
ვით საქორწილოს ნატრობენ კაბას,
ახლა რომ თოვლი მოვიდეს მართლა,
სიხარულისგან იტირებ ალბათ.

შენ ისე ნატრობ მოვიდეს თოვლი,
ითოვოს დიდხანს, ითოვოს გაბმით,
შუაღამისას რომ გითხრან - ბარდნის,
ქუჩაში გახვალ ზაფხულის კაბით.

მალე, სულ მალე მოთოვოს ნეტა,
თოვლმა დაფაროს გზები, პარკები,
მოვალ, მოგძებნი და შენთან ერთად,
იმ თოვლში სადმე დავიკარგები...




უცნობი ქალის პორტრეტი
"ჩაგძინებოდა ჩიტო ნიბლიავ"

თავაწყვეტილი იკარუსი გზაზე მიჰქროდა,
დუმდნენ მგზავრები, ყველა თავის გზაზე ფიქრობდა,

და შენ გეძინა... ასე სძინავთ ჩვილის აკვანთან
და ლამაზ შუბლზე დაგფენოდა თმები საყვარლად.

ტკბილად გეძინა, გრილი სიო ღია სარკმლიდან
გეფერებოდა, და მკლავებზე ბუსუსს გაყრიდა...

თავაწყვეტილი იკარუსი ისევ მიჰქროდა,
დუმდნენ მგზავრები, ყველა თავის გზაზე ფიქრობდა.

შენ კი გეძინა, ბედნიერი სახით გეძინა,
თითქოს შენს სულში არასოდეს ჯერ არ ეწვიმა...

თითქოს არ გქონდა მიწიერი რამ საზრუნავი, -
ისე დაჰქროდი ოცნებების ცისფერ ბურანში.

გეძინა ტკბილად, მთელი ღამის უძილოს, დაღლილს,
და შიშველ მკლავებს გიკოცნიდა ნიავი ლაღი.

არვინ იცოდა, ვის უძღვნიდი სიზმრებში სიცილს,
ან დაღლილ ხელებს რად დაჰკრავდა სურნელი ქინძის...

რას გაექეცი, რას ელტვოდი, ვისზე ფიქრობდი,
სად მოიწყინე, სად გელოდნენ, საით მიჰქროდი...




ბედნიერი ხარ? გახსოვარ კიდევ?

დიდი ხნის წინათ
გახსოვს, როგორ გულწრფელად თოვდა?
თითქოს ცა მიწას
ნუგეშსა და სიყვარულს სთხოვდა,
ცა იყო ცივი, ითხოვდა სითბოს
და კიდევ რაღაც
ენით უთქმელს ითხოვდა თითქოს...

თოვდა...
ჩვენ ცაში შეუმჩნევლად ავყავდით კიბეს,
ფანტელები რომ
ეფრქვეოდა ვარდის ფურცლებად...

–––––––––

ბედნიერი ხარ?
სად ხარ ახლა, გახსოვარ კიდევ?
სხვა დროსაც თოვდა
ნეტა შენთვის ისე გულწრფელად?!.




იყო საღამო...

იყო საღამო, შენ არ იყავი,
იყო სიმღერაც, სითბოც, ინტიმიც...
ისევ და ისევ მე შენ მიყვარდი
და მოვფრინავდი შენსკენ ჩიტივით.

მხიარულობდა ყველა მათგანი
და ბედს არავინ არ უჩიოდა,
შენი სახელი, ფიქრში ნათქვამი
სახეზე მაჩნდა, როგორც ჭრილობა.

და გული თვითონ ალაპარაკდა,
შენი სახელი ლამის წამომცდა,
საღამოს თითქოს ეშხი არ აკლდა
და მაინც რაღაც აკლდა საოცრად!...


კატეგორია: ჩემი კეთილი იმედის კონცხი... | დაამატა: სინიორა (2013-03-22)
ნანახია: 1063 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
***
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 9
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz