მოდი წყურვილი მოგაკვლევინო,
მოდი აგივსო ხედვა იმედით,
მოდი, მოგიყვე მონატრებიდან
მოთმინებამდე როგორ მივედი.
მოდი, განახო მთაზე თოვლი და
მთის ფერდზე ია, როგორც ღიმილი.
მოდი, ჩამოგსვა და დაგასვენო,
მოდი, თაიგულს გიწნავ გვირილის.
მოდი ზამთარი ჩამოგაბერტყო
და ჩემი სუნთქვა გადაგაფარო,
მოდი, მომანდე ხელისგულები,
ერთად შევერწყათ მოდი სამყაროს...
მოდი, ნაზამთრალ თითებს გაგითბობ
მზეზე გაგიფენ ყველა ტკივილებს,
მე ხომ ამდენ ხანს თმენით გელოდი
შენც წამოჰყევი ჩემსკენ ბილიკებს.
ადექი, გული გადამელია,
არ შეისვენო არცერთ წამს გზაში,
მოდი, ღიმილი შემოგაგებო,
მოდი, გეძახი, მოდი და დარჩი!
|