***
იყავით ჩემში, ჩემამდე და კიდევ შემდეგ,
(თითქოს სიცოცხლის მოელვარე სხივებით მწერდით)
და იწყებოდა დილა თქვენი უცხო სიმშვიდით,
ჩურჩულით, სუნთქვით, აღმაფრენით, მაღალი მკერდით.
წლები გავიდნენ, ქალბატონო, რა გაეწყობა,
ცვდება გრძნობები, ფერს იცვლიან თმებიც - გიშერის,
ჩვენ მოგვეახლა სიმარტოვე ფოთოლცვენისა
და სამწუხაროდ, გაზაფხულიც ვეღარ გვიშველის.
ახლა დიდ სახლში სიმყუდროვე გამეფებულა,
შავ როიალზე ძველებურად ღვივის ტიტები
და ფაიფურის შირმებიან, უძველეს ლარნაკს,
ისევ ატყვია სითბოდ თქვენი ბროლის თითები.
დაგვცვივდა ფრთები, სიყმაწვილემ კარი გახურა,
დრომ უბოდიშოდ ამოქოლა ხსოვნა ლოდებით
და ჩემს მოქანცულ და საშინლად
დაღლილ თვალებში,
თითქოს ცრემლივით წვეთ- წვეთობით
უხმოდ გროვდებით.
ხედავთ, მოცვივა ფანტელები, თეთრდება ქუჩა,
(და გვახსენდება რომ სურვილებს ზეცად მივყავდით), ჩურჩულით, სუნთქვით, აღმაფრენით,
თრთოლვით, სინაზით -
ო, მშვენიერო ქალბატონო, მე, თქვენ, მიყვარდით! . . .
თქვენა ხართ ჩემში, ჩემამდე და კიდევ შემდეგ . . .
|