დილამშვიდობის, ქალბატონო, დილამშვიდობის!
სარკმელს გახედეთ, აწყდებიან უხვად ჩიტები,
რომელიც შენთან შემოიფრენს სუროს მარცვლებით,
ის გულყვითელა, ონავარი ჩიტი ვიქნები...
თმებს აგიწეწავ, ღამენათევ სიზმრებს გაგტაცებ,
გულისპირს ფრთებით აგიჩქროლებ ბუსუსებდაყრილს,
მზეს შემოგიტან და ნისკარტით ავკენკავ სხეულს,
როგორც ცდუნებას, სატყუარას ერდოზე დაყრილს.
გაგეღიმება, უსაფუძვლო მიზეზთა გამო,
დაჭიმულ სხეულს მოგიდუნებს ურცხვი ფიქრები,
დალოშნილ ღამეს არ უჩვენებ სარკეს, შეგრცხვება,
ხალათს მოიცვამ უნებურად და გაწითლდები...
ღია ფანჯრიდან გაზაფხულის ისმის კივილი,
ერთმანეთს ბუმბულს უპენტავენ ხეზე ჩიტები,
დავიტვირთები ათასფერად ცისარტყელებით
და ყოველ დილით შენს ოთახში შემოვფრინდები...
ცისფერი ნისლი აიტაცა სიომ სიცილით,
სხეულზე, როგორც პენუარი შემოგახვია...
ცელქი ბავშვივით ციმციმებენ ახლა თვალები,
რომელმაც შენი სიყვარული შემომაფრქვია...
დილამშვიდობის, ქალბატონო, დილამშვიდობის,
სარკმელს გახედეთ, აწყდებიან უხვად ჩიტები,
რომელიც შენთან შემოიფრენს სუროს მარცვლებით,
ის გულყვითელა, ონავარი ჩიტი ვიქნები...
|