სიყვარულის ქუჩა
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-09-12, 1:55 AM | შეტყობინება # 1 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: შაბათი, 2014-02-01, 8:15 AM | შეტყობინება # 2 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
ბრაიანი თავისი დანჯღრეული მანქანით მიუყვებოდა გზატკეცილს, როცა გზის პირას შეამჩნია საკმაოდ ძვირადღირებული მერსედესი, რომელსაც საბურავი ჰქონდა დაშვებული.
მან გააჩერა მანქანა. გადმოვიდა და მიუახლოვდა მერსედესს. მასში იჯდა ხანშიშესული ქალბატონი, რომელიც საკმაოდ დაბნეული და შეშინებული ჩანდა.
– ნება მომეცით დაგეხმაროთ ქალბატონო – მიმართა მან მერსედესის მძღოლს.
– ძალიან დამავალებთ შვილო, – უპასუხა ქალმა.
ბრაიანი შეუდგა მუშაობას და საკმაოდ სწრაფადაც დაასრულა.
– მზადაა ქალბატონო. უთხრა მან ღიმილით მერსედესის პატრონს.
– რა გქვია შვილო?–ჰკითხა ქალმა
– ბრაიან ანდერსონი.
– ბრაიან, რამოდენიმე საათია აქ ვდგავარ და არავინ გამიჩერა. არადა ტელეფონიც არ მაქვს თან. ძალიან შევშინდი. თქვენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა. მითხარით რამდენი გადაგიხადოთ გაწეული სამსახურისთვის?
– არა ქალბატონო. თქვენ არაფერი გმართებთ ჩემი. მე უბრალოდ დავეხმარე ადამიანს გასაჭირში. ღმერთმა უწყის მეც რამდენჯერ დამხმარებიან მძიმე წუთებში.
– კი მაგრამ მეც მინდა რამეთი გადაგიხადოთ მადლობა.
– მაშინ გადაუხადეთ სხვას…
– ეგ როგორ? - იკითხა გაოცებით ქალმა.
– როცა შეამჩნევთ რომ ვინმეს უჭირს, აღმოუჩინეთ მას დახმარება – უთხრა ბრაიანმა ღიმილით, დაქოქა თავისი ჯაბახანა და ტაატით გაუყვა გზატკეცილს.
ქალმაც გააგრძელა გზა. რამოდენიმე კილომეტრში გაჩერდა რესტორანთან, რომ ესადილა. მას ემსახურებოდა ძალიან თავაზიანი ოფიციანტი. ეს იყო საკმაოდ მომხიბვლელი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ეტყობოდა, რომ ფეხმძიმედ იყო.
„ეტყობა ძალიან უჭირს“ – გაიფიქრა ქალმა– „რომ ასეთ მდგომარეობაში მუშაობს. თანაც როგორც ვატყობ მას აქ მთელი დღე ფეხზე ტრიალი უწევს და ალბათ ძალიან იღლება, მაგრამ სასოწარკვეთილება ან უიმედობა არ ეტყობა, არც დაღლას იმჩნევს და ძალზე თავაზიანად და ღიმილით ემსახურება სტუმრებს.
როცა ქალმა დაასრულა სადილობა, 100 დოლარიანი კუპიურა გაუწოდა ოფიციანტს. ის წავიდა ბანკნოტის დასახურდავებლად და როცა დაბრუნდა ქალი ადგილზე არ დახვდა. ის წასულიყო, მაგრამ მაგიდაზე კიდევ 4 ასდოლარიანი კუპიურა და ბარათი დაეტოვებინა, რომელზეც ეწერა:
– მე დღეს ერთი ადამიანი დამეხმარა, ისევე, როგორც ახლა მე თქვენ გიწვდით დახმარების ხელს და თუ თქვენც გინდათ ამისთვის მადლობა გადამიხადოთ, მაშინ ნუ დაუშვებთ, რომ სიყვარულის ეს ჯაჭვი თქვენთან დასრულდეს.
გოგოს ცრემლები წასკდა. რა იცოდა იმ ქალმა როგორ სჭირდებოდა ახლა მის ოჯახს ეს ფული?!
მას ერთი სული ჰქონდა როდის მორჩებოდა სამუშაო საათები და როგორც კი რესტორანი დაიხურა მაშინვე სახლში გაიქცა. შინ მისული კი ქმარს ჩამოეკიდა კისერზე, ნაზად აკოცა და ჩურჩულით უთხრა:
– ყველაფერი კარგად იქნება… მე შენ მიყვარხარ ბრაიან ანდერსონ!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ორშაბათი, 2015-06-22, 5:22 PM | შეტყობინება # 3 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| გიშვებ....
ჩემი გარდაცვალების ათი წლისთავი ხდება, თუმცა ამ ბარათს იმიტომ არ ვწერ, რომ საიქიო ცხოვრებაზე გიამბოთ. ჩემი დიდი სიყვარულის ისტორიას მოვყვები, რათა იცოდეთ, რომ ადამიანთან ერთად სიყვარული არ კვდება...
ზამთარში გავიცანი. თბილისისთვის უჩვეულოდ სუსხიან საღამოს, როცა ძველ მეგობრებთან ერთად ახალ წელს ვხვდებოდით... ქმარს ახალი გაშორებული ვიყავი... შვილი ძალიან მინდოდა, მაგრამ არ გვეყოლა, მეგონა, განშორების მიზეზიც ეს იყო... იმ საღამოს კი მივხვდი, რომ თურმე ამ შეხვედრისთვის ვემზადებოდი. მიჭირს იმის ახსნა, როგორი იყო, რადგან სიტყვები "ერთადერთი" ან "სანუკვარი" მხოლოდ ცოცხლებისთვის არის მნიშვნელოვანი, აქ კი შეგიძლია უბრალოდ თქვა "ის ჩემი სიზმარი იყო" და ყველაფერი გასაგები იქნება.
ჰო, ეს 31 დეკემბერს მოხდა. დავინახე თუ არა, მივხვდი, რომ დავიღუპე! მარტო რომ მოსულიყო, შეიძლება პირველივე წუთს გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ ის ჩემს მეგობართან ერთად მოვიდა. ერთმანეთი სამიოდე კვირის წინ გაიცნეს, ჩემი მეგობარი ბევრს ჰყვებოდა მასზე. როცა საათმა თორმეტჯერ ჩამოჰკრა და სადღეგრძელოებიც შეისვა, ფანჯარასთან მივედი. ჩემი სუნთქვისგან მინა დაიორთქლა, მეც ავიღე და საჩვენებელი თითით მივაწერე: "მიყვარხარ!" მერე ადგილს დავუბრუნდი. წარწერა ორიოდე წუთში გაქრა... ლხინი გაჩაღდა. ფანჯარასთან ერთი საათის შემდეგ მივედი, დავაორთქლე და დავინახე წარწერა: "მეც". ვიგრძენი, რამდენიმე წამით როგორ გამიჩერდა გული და მომეკვეთა ფეხები. ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში მანამდე მოხდა, მხოლოდ ფონი იყო... ჩემი სიცოცხლე იმ ღამეს დაიწყო... მისიც, რადგან ეს მის თვალებში დავინახე. ორ იანვარს უკვე ერთად ვიყავით, ჩემს პატარა ბინაში და მომავლის გეგმებს ვაწყობდით. შეჭირხლულ მინაზე წერა ჩვევად გვექცა. ერთხელ დავუწერე: "შენ ჩემი სიზმარი ხარ". მიპასუხა: "ოღონდ არ გაიღვიძო". ყველაზე სანუკვარ სურვილებს ერთმანეთს ასე ვატყობინებდით. ძალიან ბედნიერები ვიყავით, ზუსტად ორი თვე. მერე კი ჩემი აღსასრული დადგა. მანამდე, გონება დავკარგე. "კომაა, - თქვა ექიმმა, - არაფერი ესმის. " სულელი! - გავივლე გუნებაში. ჩემი უსაყვარლესი კაცი ფანჯარასთან მივიდა, დააორთქლა და დაწერა: "არ მიმატოვო!" ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა პასუხის გაცემა ვერ შევძელი. მას ჩემი ხელი ეკავა განთიადამდე, მერე კი... მასთან მხოლოდ მაშინ მივდივარ, როცა სძინავს. საწოლის კიდეზე ვჯდები და მის სურნელს ვყნოსავ. ვერ ვტირი, თუმცა მტკივა. ჩემი აღსასრულის დილას მან მინაზე ნუგეშად წამიწერა: "ძლიერი ტკივილი ხანმოკლეა!" როცა საწოლისკენ შემობრუნდა, მე აღარ ვსუნთქავდი, მაგრამ დავინახე, როგორ ატირდა...
და ვიცი, მანაც იცის, რომ მაშინ შეცდა, რადგან თვითონ უკვე ათი წელია სტკივა... ამ წლების განმავლობაში ის ყოველთვის მარტო ხვდებოდა ახალ წელს, ფანჯარასთან ჯდებოდა შამპანურის ჭიქით ხელში და დაორთქლილ მინაზე ჩემთვის სწერდა.
მისი ბარათები ვერცერთხელ ვერ წავიკითხე, იმიტომ, რომ ჩემი სუნთქვისგან მინა აღარ იორთქლება... შარშანდელი წელი განსაკუთრებული იყო. საიქიო ცხოვრების საიდუმლოებებს ვერ გავამხელ, მაგრამ გაგანდობთ, რომ ერთადერთი თხოვნის შესრულებას შემპირდნენ. მე კი მისი ბარათის წაკითხვაზე ვოცნებობდი. როცა დაიძინა, დიდხანს ვეჯექი სასთუმალთან. შემდეგ ფანჯარასთან მივედი. ვიცოდი, რომ მისი გზავნილის წაკითხვას შევძლებდი. წავიკითხე კიდეც. იქ ეწერა: "გამიშვი!" ეს წელი უკანასკნელი იქნება, რომელსაც მარტო გაატარებს. სურვილი იმის სანაცვლოდ შემისრულეს, რომ აღარასდროს მივიდოდი მასთან. როცა საათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავს, ის ჭიქაში შამპანურს დაისხამს, ფანჯარასთან მივა, დააორთქლებს და ჩემს ბარათს დაინახავს. იქ სწერია: "გიშვებ..."
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2015-08-06, 9:57 PM | შეტყობინება # 4 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| იგავი სიყვარულსა და განშორებაზე
ველის პირას სიყვარული და განშორება იდგნენ და ახალგაზრდა წყვილის ჭვრეტით ტკბებოდნენ. განშორება ეუბნება სიყვარულს:- დავნაძლევდეთ, დავაშორებ ერთმანეთს. სიყვარული პასუხობს:- დამაცადე, სულ ერთხელ მივალ მათთან, მერე კი შეგიძლია იმდენჯერ მიუახლოვდე, რამდენიც მოგინდება და ვნახოთ, შეძლებ თუ არა მათ დაშორებას. განშორება დათანხმდა. სიყვარული მიუახლოვდა ახალგაზრდა წყვილს, თვალებში ჩახედა და დაინახა, როგორ გაუკრთათ ნაპერწკალი... გაეცალა მათ და განშორებას მიმართა: "ახლა შენი ჯერია". განშორებამ მიუგო: - არა, ახლა ვერაფერს ვიზამ – მათი გულები ჯერ ისევ სიყვარულით არის სავსე. ცოტა მოგვიანებით მივალ. გავიდა დრო. განშორებამ სახლში შეიჭყიტა და ახალგაზრდა დედა დაინახა ჩვილით, იქვე – მამა. იმედი ჰქონდა, რომ სიყვარული უკვე განელებული იქნებოდა და ამ იმედით მიადგა მათი სახლის ზღურბლს. მაგრამ თვალებში რომ ჩახედა, იქ მადლიერება დაინახა. მოტრიალდა და თქვა: `მოგვიანებით მოვალ. გავიდა დრო. განშორება ისევ მიადგა სახლს – შიგნით ბავშვები ხმაურობდნენ, სამსახურიდან დაღლილი ქმარი მოვიდა, დედა ბავშვებს აწყნარებდა. განშორებას იმედი ჰქონდა, რომ ახლა მაინც დადგა მისი დრო – სიყვარულსა და მადლიერებას მათი გულები კარგა ხნის წინ უნდა დაეტოვებინათ. მაგრამ თვალებში რომ ჩახედა, პატივისცემა და ურთიერთგაგება დაინახა. "მოგვიანებით მოვალ", - ჩაილაპარაკა განშორებამ. გავიდა დრო. ისევ მოვიდა მათ სახლთან განშორება. ხედავს – ბავშვები უკვე დიდები არიან, ჭაღარა მამა რაღაცას უხსნის თავის შვილებს, ცოლი სამზარეულოშია, ამზადებს. ჩახედა მათ თვალებს და იმედგაცრუებულმა ამოიოხრა: მათ თვალებში ნდობა დაინახა. "მოგვიანებით მოვალ", - თქვა და წავიდა. ისევ დადგა დრო. შეიჭყიტა სახლში, ხედავს, შვილიშვილები დარბიან, ბუხართან მოხუცი, მხრებში მოხრილი ქალი ზის. განშორება უყურებს და ფიქრობს: "აი, მოვიდა ჩემი დრო". უნდოდა, თვალებში ჩაეხედა მოხუცი ქალისთვის, მაგრამ ის ადგა და სახლიდან გავიდა. განშორება უკან გაჰყვა. ქალი სასაფლაოზე მივიდა და საფლავთან ჩამოჯდა. ეს მისი ქმრის საფლავი იყო. - ეტყობა, დავაგვიანე, - იფიქრა განშორებამ, - დროს ჩემ ნაცვლად უზრუნია. და განშორებამ მოხუცს ატირებულ თვალებში ჩახედა... მათში ხსოვნა დაინახა, ხსოვნა სიყვარულის, მადლიერების, პატივისცემის, გაგებისა და ნდობის.. 
|
|
| |
|